პოლიტიკა
გუბერნატორი აბასთუმანში მიმდინარე საარჩევნო პროცესით დაინტერესდა
დაახლოებით 13 საათისთვის აბასთუმნის საარჩევნო უბანზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ.

მხარის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე და ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე #2 საარჩევნო უბანზე იმყოფებიან. როგორც ადიგენის მერმა ჟურნალისტებს განუცხადა, ,,მხარის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი დაინტერესდა როგორ გარემოში მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი".

რაც შეეხება მეცხრე არხის კითხვას, არლის რწმუნებულის მიერ სოფლიდან მოქალაქეების ჩამოყვანის შესახებ, იყო თუ არა კანონდარღვევა, ზაქარია ენდელაძემ განმარტა, რომ ,,დღეს არასამუშაო დღეა, კვირაა და ალბათ მეზობლურად პატივი სცა. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ".

შუალედურ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“. ადგილობრივი ოპოზიციონერები ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების შემდეგ, აბასთუმანში გამარჯვების შანსი არ აქვთ.

ადიგენის საკრებულოში მოსახვედრად 9 კანდიდატი დარეგისტრირდა, თუმცა ,,ქართული ოცნების" კანდიდატის გარდა, რვა კანდიდატიდან, დღეს აბასთუმანში არცერთი გამოჩენილა.

კანდიდატები წარადგინეს პარტიებმა - „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის”, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა”, „პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველო”, „ახალი ქრისტიან-დემოკრატები”, „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის”, „ქრისტიან-კონსერვატორები”, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” და „ქართული ოცნება“.
Print