პოლიტიკა
26 მაისი - დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გმირები
სამაჩაბლოს, აფხაზეთის, აგვისტოს ომის გმირები -ეს საქართველოს უახლესი ისტორიაა. ომები, რომელშიც ახალგაზრდები ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ.

რამაზ ალავიძე ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის 2008 წლის აგვისტოს ომში იბრძოდა. მისთვის 26 მაისი განსაკუთრებულია, რადგან იგი თავისუფლებასთან ასოცირდება. 2008 წლის აგვისტოს ომში მან მეგობრები დაკარგა და თავადაც მძიმედ დაიჭრა. ,,მეცხრე არხი"–ს ოპერატორი, აგვისტოს ომის დროს, მესამე ქვეითი ბრიგადის 34 –ე სატანკო ბატალიონში მსახურობდა. ბრძოლების ქარტეხილი ეგრეთ წოდებულ ერგნეთის ბაზრობასთან გადაიტანა. ომიდან 11 წლის თავზე ამბობს, რომ მისი ერთადერთი სურვილი დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაა.

რამაზის მსგავსად 2008 წლის აგვისტოს ომს ტკივილის გარეშე ვერ იხსენებს მაყვალა გულიაშვილი. დედა, რომლის 6 შვილიდან ოთხი ვაჟკაცი სამაჩაბლოს, აფხაზეთისა თუ აგვისტოს ომებში იბრძოდა. ტკივილის მიუხედავად, ფიქრობს, რომ ამაყი დედაა, რადგან გმირი შვილებისგან ოთხი შვილიშვილი და რვა შვილთაშვილი ჰყავს.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს დავით ფეიქრიშვილს საინჟინრო მესანგრეთა ბრიგადის მთავარი ექიმის პოსტი ეკავა. ვეტერანთა სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სამცხე–ჯავახეთიდან სამშობლოს დასაცავად თავი შვიდმა სამხედრომ გაწირა. დღეს უკვე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამცხე–ჯავახეთის სამმართველოს უფროსი ხელისუფლებისგან და საზოგადოებისგან ცოცხალი გმირების მეტ პატივისცემას ითხოვს. ამბობს, რომ სახელმწიფო ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ პირებს სათანადოდ არ აფასებს.

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. ზუსტად 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა მხოლოდ სამი წელი შეძლო, რადგან 1921 წლის 25 თებერვალს, საბჭოთა იმპერიამ ქვეყნის ოკუპაცია მოახდინა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.



1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ ეროვნულმა მოძრაობამ პიკს მიაღწია. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭო იძულებული გახდა, 1921 წლის 25 თებერვლის გასაბჭოების აქტი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციად ეცნო და უზენაესი საბჭოს არჩევნები დაენიშნა. 70-წლიანი ტყვეობის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს ხელისუფლებაში მოსულმა ეროვნულმა ძალებმა, 31 მარტის საყოველთაო რეფერენდუმის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღადგინეს. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებამ აღადგინა დემოკრატიული რესპუბლიკის ყველა სახელმწიფო სიმბოლიკა, თუმცა 2003 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ საქართველომ უარი თქვა პირველი რესპუბლიკის დროშაზე, ღერბსა და ჰიმნზე.



1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. ამავე წლის 26 მაისს საქართველომ პირველი პრეზიდენტი აირჩია - ზვიად გამსახურდია.

Print