პოლიტიკა
„დაუშვებელია, საქართველოს პარლამენტში ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელი ხელმძღვანელობდეს ფორუმს“ - ბიძინა ივანიშვილი

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, საქართფელოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებზე, საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

 

„სრულიად ვიზიარებ ჩვენი თანამოქალაქეების გულწრფელ აღშფოთებას საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

დაუშვებელია, საქართველოს პარლამენტში ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელი ხელმძღვანელობდეს რაიმე სახის ფორუმს. როგორც მატყობინებენ, ეს იყო პროტოკოლური შეცდომა, რომლის პოლიტიკური მნიშვნელობა, სამწუხაროდ, ორგანიზატორებმა ვერ გაითვალისწინეს, რასაც აუცილებლად უნდა მოყვეს შესაბამისი რეაგირება.

მე უკვე ვესაუბრე პარლამენტის თავმჯდომარეს, გამოვხატე ჩემი მკაცრი პოზიცია და, რა თქმა უნდა, ჩემი რეკომენდაცია იყო ამ სხდომის დაუყოვნებლივ შეწყვეტა“,
- ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იჯდა და სესია მიჰყავდა. 

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესია ოპოზიციის და მოქალაქეების
პროტესტის შემდეგ ჩაიშალა.

Print