პოლიტიკა
გავრილოვმა მიმდინარე მოვლენებს „ფორუმის ჩაშლის უვარგისი მცდელობა“ უწოდა
მართლმადიდებლურ საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტი, რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი ამბობს, რომ პარლამენტში განვითარებული მოვლენები უმსხვილესი საერთაშორისო ფორუმის ჩაშლის უვარგისი მცდელობაა. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ს განუცხადა, როცა სხდომათა დარბაზის დატოვება მოუწია.

"დელეგაციები ჩამოვიდნენ იმ მიზნით, რომ გავამყაროთ ურთიერთობები კულტურისა და განვითარების სფეროში. მიმაჩნია, რომ ჩვენი მართლმადიდებლური კულტურა საკმარისია ჩვენი საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის გასამყარებლად. ჩვენი ღონისძიება ტარდება მწვავე საკითხების განხილვის გარეშე. ვეძებთ ახალ გზებს, რომ ჩვენს მართლმადიდებელ ერებს შორის ურთიერთობა გაძლიერდეს. სამწუხაროდ, ჩემს შესახებ ყალბ ამბებს ავრცელებენ. არასდროს მიმიღია მონაწილეობა საომარ მოქმედებებში არც აფხაზეთში და სხვაგან", — აღნიშნა გავრილოვმა.

კიდევ ერთი რუსი დეპუტატი, ალექსი ჩეპა კი აცხადებს, რომ არ ელოდა თუ სხდომათა დარბაზში "ხულიგნების ჯგუფი" შევარდებოდა და ასამბლეის ჩაშლას ეცდებოდა.

დღეს, 20 ივნისს მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში, რუსი დეპუტატები საქართველოს პარლამენტში მივიდნენ. ასამბლეის წევრი სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა და სხდომა წაიყვანა. სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია ოპოზიციონერი დეპუტატებისა და მოქალაქეების პროტესტი.

19 ივნისს პრეზიდენტის ყოფილ სასახლეში სერგეი გავრილოვმა განაცხადა, რომ "2008 წლის ომი ისტორიაა, რომლისგანაც გაკვეთილები უნდა ვისწავლოთ". მანვე აღნიშნა, რომ ეს იყო უსიამოვნება, რომლის "ინიციატორები ახლა საქართველოში არ იმყოფებიან". ამის შესახებ მან რუსთავი 2-თან ისაუბრა.

გავრილოვმა აღნიშნა ისიც, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ბევრი უსიამოვნება იყო, მაგრამ პრობლემების მოგვარება შესაძლებელია. ასამბლეაზე მან ისაუბრა იმაზე, რომ მსოფლიოს ძალიან ბევრი პრობლემა აქვს და ამ სიტუაციაში ძალის პოზიციიდან საუბარი და სანქციების დაწესება არასწორია. მისი თქმით, მსოფლიო მართლმადიდებლობის ირგვლივ უნდა გაერთიანდეს.

19-22 ივნისს თბილისი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას (IAO) მასპინძლობს. 26-ე გენერალური ასამბლეის სესიის თემაა "პარლამენტარიზმის წვლილი თანამედროვე სოციალური და პოლიტიკური მოვლენების გააზრებაში".
Print