პოლიტიკა
კალაძის თქმით, "ქართულმა ოცნებამ" შეცდომა გაიაზრა

 

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე ვიდეო მიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ გააზრებული აქვს ის შეცდომა, რომელიც მმართველმა გუნდმა დაუშვა.

 


„ის, რაც ვნახეთ პარლამენტში, იყო ძალიან ცუდი სანახავი ყველასთვის. ჩვენი მხრიდან მაშინვე გაკეთდა რეაგირება, გაკეთდა ძალიან მკაფიო განცხადებები. თქვენ იცით ასევე, რომ პარლამენტის თავმჯდომარე იმყოფებოდა აზერბაიჯანში, მან ეს ვიზიტი შეწყვიტა და მეორე დღეს დაბრუნდა საქართველოში. თვითონ ფაქტი ძალიან მძიმე იყო და ამაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას. მეც ვიზიარებ ამ პასუხისმგებლობას, რადგან ვარ იმ გუნდის წევრი... და აბსოლუტურად გააზრებული მაქვს ის დიდი შეცდომა, რომელიც დაუშვა ჩვენმა გუნდმა",
- აცხადებს კახა კალაძე.

მისი თქმით, ირაკლი კობახიძემ გადადგა ღირსეული ნაბიჯი და დატოვა თანამდებობა. დეპუტატის მანდატი დატოვა ზაქარია ქუცნაშვილმაც, ვინც იყო ორგანიზატორი მართლმადიდებლური ასამბლეისა.

რუსთაველის გამზირზე 20 ივნისს აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც ასამბლეის თავმჯდომარე, რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა და სხდომა ამ ადგილიდან წაიყვანა. მესამე დღეა პარლამენტთან შეკრებილი მოქალაქეები პასუხისმგებელი პირების გადადგომას ითხოვენ.

 

Print