პოლიტიკა
გიორგი კოპაძე და ენზელ მკოიანი „მდუმარე დეპუტატების“ სტატუსს ინარჩუნებენ

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” IX მოწვევის პარლამენტის საქმიანობის შეფასების კვლევა წარმოადგინა, რომელიც 2018 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს.

კვლევაში „მდუმარე დეპუტატებად“ ამჯერადაც დასახელდნენ ახალციხე-ადიგენისა და ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარები. საანგარიშო პერიოდში სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლია ენზელ მკოიანს, გიორგი კოპაძეს სადეპუტატო მანდატის მოპოვებიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე.

ახალციხე-ადიგენის ბიუროს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციისთვის მიწოდებული ინფორმაციით, მოქალაქეთა მიმართვების რაოდენობაა 353. აქედან წერილობითი მიმართვები 69, ზეპირი - 284.

ენზელ მკოიანი ორჯერ იყო მივლინებაში და ამისთვის 3 015.98 ლარი დაიხარჯა. დეპუტატი იმ პარლამენტართა ხუთეულში მოხვდა, რომელთა ბიუროებსაც ზეპირი განცხადებით ყველაზე მეტმა მოქალაქემ მიმართა - 1 244 მიმართვა. 150 დეპუტატს შორის მესამე ადგილზეა საჯარო შეხვედრების გამართვის სიხშირით. მკოიანს 128 შეხვედრა აქვს გამართული.

 

Print