პოლიტიკა
გიორგი გახარია - გადადგომით მე ვიღაცას დავუდასტურებდი, რომ თავს ვგრძნობ დამნაშავედ - არ ვგრძნობ!
მე რომ დამეშვა პარლამენტში შტურმით შემოჭრა, მაშინ უნდა გადავმდგარიყავი, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ დეპუტატ ბექა ნაცვლიშცვილის კითხვას - 20-21 ივნისის მოვლენებიდან გამომდინარე, იქნებოდა თუ არა კარგი პრეცედენტი გიორგი გახარიას გადადგომა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, გადადგომით ის ვიღაცას დაუდასტურებდა, რომ თავს დამნაშავედ გრძნობს. გახარიამ დასძინა, რომ ის თავს დამნაშავედ არ გრძნობს და „არგადადგომის ძირითადი მოტივი იყო ჩვეულებრივი პრინციპი“.

„საერთოდ ნებისმიერი თანამდებობა არის გამოწვევა და პასუხისმგებლობა, სხვა არაფერი. მაგრამ არგადადგომის ძირითადი მოტივი იყო პრინციპი, ჩვეულებრივი პრინციპი.

როდესაც მე ვამბობ, რომ ეს იყო პარლამენტზე შტურმი, ორგანიზებული პოლიტიკური ძალების მიერ, მასობრივი შეტევა პოლიციაზე, რომელიც ყველამ ნახა, ამის შემდგომ მე აბსოლუტურად გააზრებულად, თითოეულ კეთილსინდისიერ პოლიციელს ვინც ამ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, ვუხდი მადლობას, რომ მათ სახელმწიფო ინსტიტუტი გადაარჩინეს ძალადობრივი სტატუს-კვოს ცვლილებისგან და ამ დროს გადადგომით, მე რატომღაც ვიღაცას დავუდასტურებდი, რომ თავს ვგრძნობ დამნაშავედ. არ ვგრძნობ! მიუხედავად იმისა, რომ, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას ვგრძნობ თითოეულ დაშავებულ ადამიანზე, რომელსაც მოხვდა რეზინის ტყვია, რომელმაც მიიღო სხვა სახის დაზიანება, თითოეულ მათგანზე, რომელმაც დაკარგა თვალი. უნდა ვაღიაროთ, რომ ასეთი 2 ადამიანი გვყავს. მაგრამ პასუხისმგებლობას ასევე ვგრძნობ იმაზეც, რომ სახელმწიფომ მათზე ზრუნვის პოზიტიური ვალდებულება შეასრულოს. ასევე ვგრძნობ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ის პოლიციელები, რომლებიც აქ კეთილსინდისიერად იდგნენ, 2 საათის განმავლობაში ითმენდნენ 300 გატაცებულ ფარს, მათ გატაცებას ბრბოში, ფიზიკურ შეურაცხყოფას, ისინი ხვალ არ გახდნენ მორალური ბულინგის მსხვერპლი, რასაც ბევრი ცდილობს. მათ უნდა ჰქონდეთ შეგრძნება, ხვალ, ზეგ და მომავალში ისინი ამ ქვეყანას უნდა ემსახურონ. სახელმწიფო ინსტიტუტში ფიზიკურად შეჭრას ჰქვია შტურმი; აქ არ არის საუბარი სიმღერით, ცეკვით, ლექსებით ან კიდევ რაღაცით, შტურმით! ამას ჰქვია თავისი სახელი - ორგანიზებული თავდასხმა პოლიტიკური კონიუნქტურის რეალობის შეცვლის მიზნით. მე რომ დამეშვა მათი აქ შემოჭრა, მაშინ უნდა გადავმდგარიყავი“, - განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობენ დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა გიორგი გახარიას ჰკითხა, იქიდან გამომდინარე, რომ 20 ივნისის ღამეს ძირითადად დაშავდნენ ის ადამიანები, რომლებიც შეტევაში არ მონაწილეობდნენ და უბრალოდ მომიტინგეები იყვნენ, რამდენად კარგი პრეცენდენტი იქნებოდა გახარიას შს მინისტრის პოსტიდან გადადგომა.
Print