პოლიტიკა
ენზელ მკოიანსა და სამველ პეტროსიანს შორის დაპირისპირება გრძელდება (ფოტო/ვიდეო)
სამველ პეტროსიანსა და ენზელ მკოიანს შორის დაპირისპირება გრძელდება. მორიგი ინციდენტი 4 ოქტომბერს, ახალქალაქში მოხდა. ახალქალაქის საკრებულოს წევრის შვილსა და პარლამენტის დეპუტატის ძმას შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპისიპირებაში რესტორან ,,ფორელთან" გადაიზარდა. მას შემდეგ, რაც ქუჩაში მორბენალ გევორქ პეტროსიანს მანქანით სწრაფად მიმავალი მარდუნ მკოიანის გამო მტვერი შეეყარა.

,,გევორქი გამოეკიდა და მარდუნს რესტორანთან გადაუსწრო. იქ საუბარი ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. გევორქმა სახეში დარტყა და მანქანისკენ წავიდა, მარდუნი საჭეზე დაეკიდა, თუმცა მან წასვლა მოასწრო" - ამბობენ ჯავახეთში.

დაზარალებულის ნახვა მეცხრე არხმა ვერ მოახერხა, მაგრამ სატელეფონო ზარს უპასუხა მარდუნ მკოიანის ძმამ ენზელ მკოიანმა. პარლამენტის წევრი ამბობს, რომ მისი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

,,დაახლოებით 50 მეტრი მანქანით ათრია, ფილმებში არ ხდება მგონია ასე, წუხელ ცუდად იყო და ვფიქრობ, თბილისში გადაყვანა გახდება საჭირო".

მომხდარზე არ საუბრობენ პეტროსიანები. ახალქალაქის საკრებულოს წევრი ,,პატრიოტთა ალიანსიდან" ამბობს, რომ მათი ქცევა მკოიანების შემხვედრ ნაბიჯებზეა დამოკიდებული.

მომხდარზე საუბარი არ სურთ ადგილობრივებს, რაც არ უკვირს არსენ კარაპეტიანს.

ჯავახეთში ,,ევროპული საქართველოს" ხელმძღვანელი ამბობს, რომ ხალხი დაიღალა მსგავსი ქმედებებით, რადგან ასეთი დაპირისპირებით, ყველაზე მეტად საზოგადოება ზარალდება.

,,დაზარალებული ამ შემთხვევაში ჯავახეთის მოსახლეობაა. ოდნავ განსხვავებული აზრი, ოდნავ სხვა პოლიტიკური ხედვა, ოდნავ თავისუფლებისმოყვარეობა იწვევს მეორე მხრიდან დაპირისპირებას. ეს არ არის პირადად მკოიანის ან პეტროსიანის დაპირსიპირება, არამედ სისტემა, რომ ყველაფერი მთავრდება ფიზიკურ დაპირისპირებით"- აცხადებს არსენ კარაპეტიანი.

ფიზიკური დაპირისპირების დროს მეგობართან ერთად იმყოფებოდა მარდუნ მკოიანი. შესაბამისად, საავადმყოფოს დაზიანებებით ორივე მათგანმა მარდუნ მკოიანმა და საგო ირიციანმა ერთად მიმართეს. საავადმყოფოში განმარტავენ, რომ მკოიანიც და ირიციანიც მალევე გაეწერნენ და ამბულატორიულ მკურნალობას სახლში გადიან.

ევექსის რეგიონული ჰოსპიტლების კოორდინატორი განმარტავს, რომ კლინიკაში ორი პაციენტი 4 ოქტომბერს, დაახლოებით დღის 15:00 სთ-თვის შევიდა, ,,რომელთაც აღენიშნებოდათ სახის არეში მიღებული დაჟეჟილობები, ორივე მათგანს თვალბუდის მიდამოში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი და ღია ჭრილობა ჰქონდთ სახის არეში. კლინიკაში გაჩერდნენ რამდენიმე საათის განმავლობაში, მოგვიანებით კი სათანადო რჩევა-დარიგებებითა და ამბულატორიული მკურნალობით გაეწერნენ ბინაზე" - აცხადებს ხათუნა კეკელაშვილი.

ორივე მხარე მიიჩნევს, რომ ფაქტი მოწინააღმდეგის მიერ იყო მოწყობილი, ძველი პრობლემის გასაახლებლად.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, რომელიც გულისხმობს წამებას დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

ასევე, დაგაინტერესებთ:

მკოიანებს ახალქალაქში ბრალი წარედგინათ

ახალქალაქში, ოპოზიციის კიდევ ერთ მხარდამჭერს თავს დაესხნენ
Print