პოლიტიკა
ახალციხე-ადიგენის დეპუტატის შვილთან დაპირისპირების შემდეგ, პოლიციელმა სამსახური დატოვა
ახალციხელი ლაშა მამუკაშვილი შსს-ს თანამშრომელი აღარ არის. მან ძალოვანი უწყება "ქართული ოცნების" დეპუტატის შვილთან დაპირისპირების შემდეგ დატოვა. შსს-ში გვითხრეს, რომ მამუკაშვილი სამსახურიდან პირადი განცხადების საფუძველზე წავიდა.

ახალციხე-ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატის, გიორგი კოპაძის ვაჟი ელგუჯა კოპაძე და სამართალდამცველი ლაშა მამუკაშვილი ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე დუპირისპირდნენ. შემთხვევა "ელიტ ელექტრონიქსის" მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზაფხულში მოხდა. 

"დილით სამსახურში რომ მოვედი ყვებოდნენ, რომ დეპუტატის შვილმა იჩხუბაო. როგორც მითხრეს, პოლიციელი სცემა, კოპაძე დამნაშავე იყო, მაგრამ მის გარდა ყველა დაიჭირეს. ეს ამბავი კარგად მიჩქმალეს, ქალაქშიც არ გახმაურებულა", - გვითხრა ერთ-ერთმა პირმა, რომელიც კოსტავას ქუჩაზე მუშაობს.

დაპირისპირებას რამდენიმე თვითმხილველი ჰყავს, ძირითადად, ელგუჯა კოპაძის მეგობრები. ადგილობრივების ინფორმაციით, პოლიციელმა კოპაძეს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო უსაყვედურა, რასაც დეპუტატის შვილის გაღიზიანება მოჰყვა.

"გამოძიება თუ უნდათ, სათვალთვალო კამერები ამოიღონ. გარშემო რამდენიმე ობიექტია, რომლის გარე კამერებიც ამ ადგილს უყურებენ. ამის გარდა, ე.წ. "ჭკვიანი კამერაცაა" აქვე ბოძზე", - გვითხრეს კოსტავას ქუჩაზე.
კოსტავას ქუჩა

ლაშა მამუკაშვილმა ინცინდენტის შემდეგ სამსახური პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ახალციხელი ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ ვნებაღაღელვის ჩახშობამდე პოლიციელი სიტუაციას გაარიდეს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ჯოხი სამართალდამცველზე გადატყდა.

"მეორე დღეს, დილითთვე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები მოვიდნენ, ვიცნობ ამ ბიჭებს, პოლიციელები არიან. მითხრეს გუშინ ხმაური ხომ არ გაგიგიაო, ვუთხარი არაფერი ვიცითქო და წავიდნენ. მართლა არაფერი გამიგია, მერე მომიყვნენ რაც მოხდა", - უთხრა "მეცხრე არხს" შემთხვევის ადგილზე ერთ-ერთი ობიექტის მეპატრონემ.

მომხდარზე საუბარი არ სურს ლაშა მამუკაშვილს. "მეცხრე არხი" ყოფილი პოლიციელის მამასაც დაუკავშირდა, რომელიც ჩვენმა კითხვებმა გააღიზიანა.

"მეცხრე არხი" მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა დეპუტატ გიორგი კოპაძესთან, მის შვილთან და ოჯახის სხვა წევრებთან დაკავშირებას, თუმცა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.

იმის გამო, რომ საქმეში სამართალდამცველი ფიგურირებდა, მომხდარის გამოძიება პროკურატურამ დაიწყო. უწყებაში ამბობენ, რომ საქმე წარმოებაშია. "მეცხრე არხს" არც ის მუხლი უთხრეს, რომლითაც გამოძიება მიმდინარეობს. 

"საქმე აღძრულია, მიმდინარეობს გამოძიება, გამოიკითხნენ მოწმეები და დანიშნულია ექსპერტიზები", - გვითხრეს პრესსამსახურში. 

ლაშა მამუკაშვილმა მოკლე კომენტარი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან გააკეთა.

Print