პოლიტიკა
,,ენზელ მკოიანის პრინციპები - მე მატყუარა ვარ“ - ჯავახეთში პლაკატები გამოჩნდა
ნინოწმინდასა და ახალქალაქის სოფელ კუმურდოში, პლაკატები გამოჩნდა წარწერით: ,,ენზელ მკოიანის პრინციპები - მე მატყუარა ვარ“.

,,ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ჯავახეთში ამბობს, რომ მოსახლეობა პროტესტს სხვადასხვა ფორმით გამოხატავს.

,,ეგ პლაკატები ნინოწმინდაშიც არის, დღეს დამირეკეს. ცოტა ხნის წინ კარწახშიც იყო. ენზელა ყველას გულზე არ ეხატება, ხომ იცით და ვიღაცამ თავისი პროტესტი ასე გამოხატა. წინასაარჩევნოდ, თვითონ ასე ექცეოდა კონკურენტებს. ჯავახეთში, რაც დათესა ქართულმა ოცნებამ, ის მიიღო ახლა. ნამდვილად არ ვიცი, ვინ გააკეთა, თუმცა ფაქტია - ვიღაც ხმამაღლა იბრძვის და ვიღაც ჩუმად გამოხატავს პროტესტს“ - აცხადებს არსენ კარაპეტიანი.

გამოკრული პლაკატებს დემოკრატიის ნაწილს უწოდებენ ,,ქართულ ოცნებაში“. მმართველი პარტიის თავმჯდომარე ახალქალაქში განმარტავს, რომ პარლამენტის წევრზე თავდასხმები მას შემდეგ გახშირდა, რაც ენზელ მკოიანმა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად სოფლებში სიარული დაიწყო.

,,ეს პოლიტიკაა, შტაბშიც და პარტიაშიც ვთქვით, რომ ფაქტზე დიდი რეაგირება არ ღირს. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებას თუ შევხედავთ, ყველგან ასეა - ვინც მეტს აკეთებს, მას მეტ ანტირეკლამას უკეთებენ. არ შეიძლება ბუზი სპილოდ აქციო“ - განმარტავს მეცხრე არხთან ნაირ ირიციანი.

ენზელ მკოიანის პლაკატები მსგავსი შინაარსის წარწერებით დაახლოებით ორი თვის წინ კარწახშიც გააკრეს.
Print