პოლიტიკა
დავპირდი აბასთუმნის მოსახლეობას, რომ დავურიგებ ელექტრომანქანებს - ბიძინა ივანიშვილი

 

გამოცემა Entrepreneur Georgia პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუ გამოაქვეყნა. სტატიაში საუბარია წყალტუბოსა და აბასთუმანზე, ბანკ „ქართუს“ შესახებ, სასტუმრო „პარაგრაფზე“, თბილისში მიმდინარე და სხვა პროექტებზე.
ნაწყვეტი ინტერვიუდან:

„წყალტუბოს პროექტის ინიცირება დიდწილად აბასთუმნის დადებითმა გამოცდილებამ განაპირობა. შეიძლება ითქვას, აბასთუმნის მაგალითმა გამათამამა და გადამაწყვეტინა, იგივე ტიპის, თუმცა კიდევ უფრო მასშტაბური პროექტის განხორციელება.

როგორც უკვე განვაცხადე, აბასთუმანში მხოლოდ ერთ სასტუმროს – „პარაგრაფს“ ვაშენებ. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, სახელმწიფოსაც ვეხმარები დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში. ყველაზე მძიმე იქ ტუბერკულოზის საავადმყოფოს პრობლემა იყო. უმძიმესი ავარიული ვითარება და უკიდურესი ანტისანიტარიის კერა, სადაც კედლების ღიობები ლეიბებით იყო ამოქოლილი, გამორიცხავდა რომელიღაც კერძო ინვესტორის შესვლას. ამიტომ, უპირველესად ამ პრობლემას მივხედე. ძალიან სწრაფად, ერთ წელიწადში ავაშენეთ ახალი საავადმყოფო. მის ადგილზე კი, იმ ძეგლის აღდგენას ვგეგმავ, რომელიც ადგილობრივების გადმოცემით, აქ წლების წინ იყო განთავსებული.

ჟურნალისტი: მახსოვს, სახელმწიფო ცდილობდა რამენაირად გამკლავებოდა ამ პრობლემას. იმდენად მძიმე სიტუაცია იყო, რომ თუ ვინმე გამოჩნდებოდა და მაგიერ საავადმყოფოს ააშენებდა, სახელმწიფო მზად იყო ძველი საავადმყოფოს ტერიტორია უსასყიდლოდ გადაეცა მისთვის, მაგრამ ინვესტორი არ გამოჩნდა, რადგან ეს პირობაც სარისკოდ იქნა მიჩნეული. თქვენ არ ისარგებლეთ ამ შეღავათით, მაგიერი საავადმყოფოც ააშენეთ და მიწაშიც საბაზრო ფასი, 3 მილიონ 485 ათასი ლარი გადაიხადეთ.

ჩვენი ოჯახის მიდგომა უცვლელია − როცა რესურსი გაქვს, სახელმწიფოს უნდა დაეხმარო და არა შეღავათებით ისარგებლო. ის, რაც სხვა ბიზნესმენისთვის ნორმალური იქნებოდა, ჩვენ შემთხვევაში დაუშვებლად მივიჩნიეთ − ფული ბიუჯეტში შევიდა და სახალხო საქმეს მოხმარდება.
დავუბრუნდეთ წყალტუბოს და აბასთუმნის ანალოგიას...

როგორც ხედავთ, ჩემს გააქტიურებას პოზიტიურად გამოეხმაურა ქართული ბიზნესი და იქ დღეს „პარაგრაფთან“ ერთად, 5 ახალი, მაღალი დონის სასტუმრო შენდება: „რუმსი“, „რადისონი“, „ქრაუნ პლაზა“ და „რედიქს ჯგუფის“ ორი სასტუმრო. ასევე შენდება საშუალო და პატარა ზომის რვა სასტუმრო და საცხოვრებელ აპარტამენტები. უკვე დაიწყო უნიკალური აბანოების აღდგენა, შენდება კაფეები, რესტორნები და სავაჭრო ობიექტები. აბასთუმნის ჯამურმა ინვესტიციამ მილიარდნახევარ ლარს მიაღწია.

ერთი წელი სავარაუდოდ გაგრძელდება მშენებლობის ეს ბუმი. ამასობაში, ინფრასტრუქტურაც სრულად მოწესრიგდება. მე დავპირდი ადგილობრივ მოსახლეობას, რომ შევიძენ და დავურიგებ ელექტრომანქანებს. მუნიციპალური სერვისებისთვისაც კი, ელექტრომანქანებს გამოვიყენებთ. ეს პროცესი 2021 წელს დასრულდება.

ეს გახლავთ მოდელი, რომელიც ძალიან წარმატებული აღმოჩნდა აბასთუმანში. სწორად დაგეგმილმა და დაწყებულმა პროცესმა დიდი ბიძგი მისცა ახალ, კერძო ინვესტიციებს, რომლითაც ყველა მხარე, და რაც მთავარია, ადგილობრივი მოსახლეობა, მოგებული რჩება. სწორედ ამ პოზიტიურმა გამოცდილებამ გამათამამა წყალტუბოს პროექტზე და, დარწმუნებული ვარ, აქაც აღმშენებლობის ძალიან სერიოზული პროცესი დაიწყება.

 

Print