პოლიტიკა
„ქართულ ოცნებაში“ ამბოხის თავი არავის აქვს და ეს უბრალოდ პოლიტიკური ვაჭრობაა" - ირმა ინაშვილი
„ქართულ ოცნებაში“ ამბოხის თავი არავის აქვს და ეს უბრალოდ პოლიტიკური ვაჭრობაა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„დღეს პარლამენტში ადგილი ჰქონდა პოლიტიკურ მელაკუდობას და სიწუწკეს. ეს კარგად გამოჩნდა სხდომის მსვლელობისას. კობახიძე, მდინარაძე და ეს ჯგუფი ამბობს, ჩვენ გვინდა და პროპორციულ სისტემაზე გადავდივართო და უცებ, აღმოჩნდა, რომ არიან მაჟორიტარები, რომლებსაც ეს სისტემა არ უნდათ. თუ დააკვირდით, ყველა განცხადება კობახიძის პროექტის საწინააღმდეგო იყო. ჩვენ საბავშვო ბაღის აღსაზრდელები ხომ არ ვართ?! „ქართულ ოცნებაში“ ამბოხის თავი არავის აქვს. ეს უბრალოდ, პოლიტიკური ვაჭრობაა და ჩვენი განწყობების ტესტირება მიდის, რამდენად მიიღებს ამას პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება“, – განაცხადა ინაშვილმა.

მისი თქმით, პოლიტიკური ვაჭრობის პროცესი თვითონ საპარლამენტო უმრავლესობაში მიდის, რაც პარლამენტის სხდომაზე ძალიან უხერხულად გამოვიდა.

„მიმდინარე საათები ზუსტად ამ შეთანხმებისთვის იქნება გამოყენებული, ხვალ რა ქნან და ამ შეთანხმებაზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული“, – განაცხადა ინაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა ფასი დაუჯდება „ქართულ ოცნებას“ მაჟორიტარების მომხრობა და ცვლილების გატანა, ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ თუ ეს ყველაფერი ჩავარდა, „ქართული ოცნება“ დამთავრდება.

მისი თქმით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ ბიძინა ივანიშვილის მიერ შემოთავაზებული ინიციატივა იმიტომ არის კარგი, რომ პარლამენტში ბევრი პარტია, აზრი, პოზიცია იქნება და პარლამენტი სწორედ ეს არის.

„აბა, ის კი არ იქნება, დღევანდელი სხდომა ხრუშჩოვის დროინდელ პარლამენტს რომ გვაგონებს. დღევანდელი სხდომა ამის კლასიკური მაგალითი იყო. ერთმანეთის მიყოლებით გამოდიან და ერთ ტონალობაში ლაპარაკობენ, რომ პროპორციული სისტემა ცუდია. ეს უბრალოდ, სირცხვილია“, – განაცხადა ინაშვილმა.


Print