პოლიტიკა
,,სერჟ სარქისიანმაც ტყუილის გამო დაამთავრა მმართველობა სომხეთში" - არსენ კარაპეტიანი
,,ჭკუათმყოფელი ადამიანი არ დაუპირისპირდება ხალხს", ,,მთელი სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი ხელისუფლებამ", ,,ტექნოლოგიები იცვლება, ხელისუფლების ტყუილები არა", არნახულ თავხედობას ჰქონდა ადგილი" - ამ ფრაზებით აფასებს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას სამცხე-ჯავახეთის ოპოზიცია.

ჯავახეთში, ,,ევროპული საქართველოს" კოორდინატორი სომხეთში განვითარებულ მოვლენებს იხსენებს და ამბობს, რომ საპროტესტო აქციები სწორედ ტყუილის გამო დაიწყო. არსენ კარაპეტიანი საპროტესტო აქციას 17 ნოემბერს შეუერთდება.

,,ორჯერ და სამჯერ მეტად მკაცრი პასუხი უნდა გაეცეს ხელისუფლებას. მეზობლებს თუ გადავხედავთ, აგერ გვყავს ერთპარტიულობის მაგალითი. ტყუილმა ვერ უშველა მარტო. იქნება ჩემი პარტია, არ ვიქნები მეო - ასეთი მესიჯი ჰქონდა სერჟ სარქისიანს მაშინ, მაგრამ როგორც კი პარტიამ გაიმარჯვა, განაცხადა მე ვიქნები პრემიერ - მინისტრიო და დამთავრდა იმით, რაც მოხდა სომხეთში. აქ კიდევ მეტი ტყუილია, რა თქვა გუშინ ხელისუფლებამ - შეგპირდით, მაგრამ დანაპირების შესრულება არ მაინტერესებსო. კობახიძემაც გარკვევით თქვა - ხალხი არის ის, ვინც დგას ჩვენს გვერდითო. ვინც არ დგას მათ გვერდით დანარჩენი საქართველოს 90%-ია, თუ არ ჩავთვლით ტროლებს, მოლებსა და იმ მონებს, ვინც ჰყავთ თბილისში“ - აცხადებს არსენ კარაპეტიანი.

დედაქალაქში დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას შეუერთდება გაერთიანებული ოპოზიციის წევრი ჯავახეთში. მელიქ რაისიანი ამბობს, რომ თბილისსა და რეგიონებში მოვლენები ისე განვითარდება, როგორც ოპოზიციის წევრები შეთანხმდებიან.

,,ხელისუფლებამ ხალხს სრული იგნორი აჩვენა. ტექნოლოგიები იცვლება, მაგრამ ხელისუფლების ტყუილი რჩება ტყუილად. სადაც ირღვევა ადამიანის უფლებები, არის კორუფცია, რა გასაკვირია, რომ ასე მომხდარიყო. ვითარებიდან გამოსავალი ყოველთვის არსებობს, თუმცა ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებას არ უნდა არჩევნების სამართლიანად ჩატარება. რაც შეეხება საპროტესტო აქციებს, თუ ოპოზიცია შეთანხმდება, რომ ჯერ დედაქალაქში უნდა დაიწყოს, ყველა ჩავალთ იქ, თუ გადაწყვეტენ, რომ რეგიონებშიც უნდა გადაიკეტოს გზები, მოხდება შეთანხმებისამებრ" - განმარტავს მელიქ რაისიანი.

17 ნოემბერს გეგმავს თბილისში საპროტესტო აქციაზე წასვლას გიორგი გიუაშვილიც. ლეიბორისტული პარტიის ხელმძღვანელი სამცხე-ჯავახეთში ფიქრობს, რომ ამ პროტესტით ოპოზიციასთან შეერთებულ წევრებს რეაბილიტაციის საშუალება არ უნდა მიეცეთ.

,,არნახულ თავხედობას აქვს ადგილი, კობახიძე ჯერ მოგვარიდეს, ახლა ისევ გამოაჩინეს და გვმოძღრავს თავიდან. ვის ეძახის ეგ ბერბიჭაშვილებს, ადამიანი რომელმაც საკუთარი ხელით ჩააბრძანა გავრილოვი საკუთარ სავარძელში, ჭკუა როგორ უნდა გვასწავლოს? მეორე უტიფრობა ის არის, რომ შეცვალეს დაპირება და გაითამაშეს ამბოხი. ეს კი მას მერე გადაწყვიტეს, რაც რეგიონები მოიარეს და მიხვდნენ, რომ პროპორციული სისტემით არჩევნებს წააგებდნენ.

ვაპირებ აქციაზე წასვლას, მაგრამ იქ თუ ბესელია და ფოფხაძე შემხვდება, პირში უნდა მივანერწყო. თავზე დაგვამხეს ბორჯომს ეს წლები, რამდენი არჩევნები გააყალბეს, საკრებულოში მაგის ხელის ბიჭებმა არ დაგვარბიეს ოპოზიცია საკრებულოში? ზურაბიშვილს მაგან არ გაამარჯვებიან ბორჯომში და დღეს ოპოზიციის სახელით როგორ გველაპარაკება? თუნდაც ხაზარაძე, რომელმაც ასევე არ დააკლო ბორჯომს თავისი ხელი? ბიძინა, რომ უნდა წავიდეს, ამაზე ორი აზრი არ არის. მას ერთი წელი ჰქონდა კიდევ შანსი, მაგრამ არ გამოიყენა, მაგრამ ოპოზიციას მიტმასნილი ხალხი არ უნდაგველაპარაკებოდეს ხალხის სახელით"
- ამბობს გიორგი გიუაშვილი.


საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ, 14 ნოემბერს გამართულ სხდომაზე ჩააგდო. ინიციატივას მხარი 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, სამი წინააღმდეგ წავიდა. ინიციატივის პირველი მოსმენით მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო.

კენჭისყრამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. 37-მა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ახალქალაქი-ნინოწმინდის დეპუტატმა ენზელ მკოიანმა მხარი არ დაუჭირა. ახალციხე-ადიგენის დეპუტატმა გიორგი კოპაძემ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, ბორჯომი-ახალქალაქის დეპუტატმა გედი ფოფხაძემ ინიციატივას მხარი დაუჭირა.
Print