პოლიტიკა
რკინის კედელი და ქაღალდის თვითმფრინავები პარლამენტთან
საქართველოს პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტების და ოპოზიციური პარტიების დღევანდელი პიკეტირების აქცია დასრულებულია. მოძრაობა „სირცხვილია“-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, შოთა დიღმელაშვილმა თქვა, რომ აქციები პარლამენტის სესიის პარალელურად განახლდება.

„დღეს პიკეტირებამ ეს შედეგი გამოიღო, რასაც ვხედავთ. როცა ჩაინიშნება შემდეგი სესიები და საპარლამენტო დღე როცა იქნება, კიდევ დავაპიკეტებთ უფრო ეფექტიანად, სირცხვილის კორიდორებით, შეძახილებით. თქვენ ხედავთ, რომ სისტემა ჯანჯღარებს, სისტემა ინგევა აგურ-აგურ. ავიაციის პოლიცია ჰყავთ მოყვანილი, აეროპორტის დაცვა, ანუ კადრები აღარ ყოფნით. „კომოს საძმოს“ ჩართულობით მოხდა ალბათ ავიაციის ჩართვა ამ ამბავში“, - განაცხადა მედიასთა დიღმელაშვილმა.

ფოტო სოციალური ქსელიდან.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე პოლიციის მიერ აღმართულ რკინის ჯებირებზე დატოვეს სტიკერები, წარწერებით: "ქვეყნის სამსახურში", „დალუქულია,“ გაუშვეს ქაღალდის თვითმფრინავები, წარწერებით „მონა“ და „სირცხვილია“ და გამოფინეს ამერიკული დოლარის იმიტირებული კუპიურები ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით.

რადიო თავისუფლების ფოტო

დილიდან ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები რუსთაველის გამზირსა და ჩიტაძის ქუჩაზე შეიკრიბნენ. მათ პარლამენტის შესასვლელების ჩაკეტვა სურდათ, თუმცა პიკეტირების საშუალება არ მიეცათ, რადგან პოლიციას საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები რკინის ჯებირებით თავად აქვს ჩაკეტილი.
Print