პოლიტიკა
„გერმანული მოდელი“ არის ანტიკონსტიტუციური და ამაზე მომდევნო დებატები ვეღარ გაიმართება" - ქართული ოცნება
ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ოპოზიციამ ვერავითარი სამართლებრივი არგუმენტი ვერ მოიტანა, რომელიც მათ დაარწმუნებდა, რომ „გერმანული მოდელი“ არის კონსტიტუციური.

,,ჩვენს ურყევ პოზიციად დარჩა, რომ „გერმანული მოდელი“ არის ანტიკონსტიტუციური და ამაზე მომდევნო დებატები ვეღარ გაიმართება. შედგა ღრმა მსჯელობა, როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური და ჩვენს ურყევ პოზიციად დარჩა ის, რომ ეს „გერმანული მოდელი“ არის ანტიკონსტიტუციური და ამაზე მომდევნო დებატები ვეღარ გაიმართება. ასევე, შევთანხმდით იმაზე, რომ სხვა შემოთავაზებები გაჟღერდა უცხოელი კოლეგებისგან და თუ ეს შემოთავაზებები დარჩება ძალაში, „ქართული ოცნება“ ის ძალაა, რომლისთვისაც მთავარი ქვეყანაა და მზად არის დიალოგისთვის. მაგრამ ჩვენი პოზიცია ურყევია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ განხორციელდება“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ რაიმე ტიპის საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება არარეალისტურია და მისი განხორციელების რესურსი არ არსებობს.

„რაც შეეხება სკონსტიტუციო ცვლილებებს, ამის თეორიულ შესაძლებლობას, ჩვენი მხრიდან აღინიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელების რესურსი არ არსებობს და პრინციპში, ეს თქვეს ოპოზიციის გარკვეულმა წარმომადგენლებმაც. შესაბამისად, ოპოზიცია გადაერთო გარკვეულ იდეებზე, ოღონდ ეს არ იყო წინადადება, ეს იყო იდეები, რომელიც ერთმანეთთანაც არ ჰქონდათ შეთანხმებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ ,,მარტივი ჭეშმარიტებაა, 77 არ უდრის 150-ს".

,,უშედეგო შეგვეძლება, დავარქვათ ყველა შეხვედრას, სადაც ისეთი მოთხოვნები დაისმება და ისეთი შეთავაზებები იქნება, რომლებიც კონსტიტუციას არ შეესაბამება. დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა ამ კამათის დროს, რომ პროპორციული სისტემა, რომელიც არის გერმანული ან მსგავსი მოდელი, არ არის თავსებადი საქართველოს კონსტიტუციასთან, ეს არის მარტივი ჭეშმარიტება. ჩვენ დავუტოვეთ სივრცე. თუ ექნებათ სადისკუსიო თემა, რომელიც შესატყვისი იქნება კონსტიტუციასთან და ვერავინ დააყენებს ვერასდროს კონსტიტუციურობის, კანონიერების ჭრილში საეჭვო გარემოებად, ვიმსჯელოთ ნებისმიერ თემაზე, მაგრამ მათ შემოგვთავაზეს თემა, რომელზე მსჯელობაც შეუძლებელია, რადგან საქმე გვაქვს არაკონსტიტუციურ შეთავაზებასთან", – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
Print