პოლიტიკა
ვაჟა გაფრინდაშვილს უახლოეს დღეებში გამოუშვებენ - გოჩა პარუნაშვილი
,,ვაჟა გაფრინდაშვილი უახლოეს დღეებში დატოვებს ცხინვალის იზოლატორს" - განაცხადა ორგანიზაცია ,,სახალხო დიპლომატიის" ხელმძღვანელმა. გოჩა პარუნაშვილის თქმით, ვლადიმერ ხომერიკმა პუტინის ადმინისტრაციაში განიხილა ქართველი ექიმის გათავისუფლების საკითხი, რომელიც დადებითად გადაწყდა.

,,დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილი მალე დაუბრუნდება საკუთარ სახლს. შიდა დეტალების გამჟღავნებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ერთი რამ გადაწყვეტილია - ვაჟა გაფრინდაშვილი უახლოეს დღეებში დატოვებს ცხინვალის იზოლატორს. ბატონმა ვლადიმერ ხომერიკმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასვა საკითხი, რომელიც დადებითად გადაწყდა. 
რაც შეეხება ქართველი ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჩვენ ამითაც დავინტერესდით, ქართველ ექიმზე ძალადობა არ განხორციელებულა და იგი თავს კარგად გრძნობს"
- განუცხადა მეცხრე არხს გოჩა პარუნაშვილმა. 

ექიმის დაკავებიდან 27 დღე გავიდა. ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები დახმარების თხოვნით საერთაშორისო ორგანიზაციებსაც მიმართავენ.

დე ფაქტო ცხინვალის ე.წ პროკურატურამ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმე საოკუპაციო რეჟიმის სასამართლოს გადაუგზავნა, თუმცა საქმის წარმოება ამ დრომდე არ დაწყებულა. გადაწყვეტილების მოლოდინში არიან ექიმის მეგობრებიც.
Print