პოლიტიკა
,,მანდატურებმა იძალადეს ჟურნალისტებზე" - ეკა ბესელია
პარლამენტის მანდატურებმა ჟურნალისტებს იურიდიული კომიტეტის სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს.

მედიის წარმომადგენლები ცდილობენ სხდომათა დარბაზში კვლავ დაბრუნებას, თუმცა მანდატურის თანამშრომლებმა დარბაზის კარები დახურეს და ჟურნალისტებს დარბაზში არ უშვებენ.

როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, იურიდიული კომიტეტის სხდომათა დარბაზში, შესვენების დროს მანდატურებმა იძალადეს ჟურნალისტებზე.

„რაც იურიდიულ კომიტეტში ხდება, არის საშინელება. ამ ფონზე ჟურნალისტებს რომ გადაუვლი, ფიზიკურად იძალადებ, ამ ძალადობით თუ უნდა მოხდეს ამ ხალხისთვის კენჭისყრა და ნდობის გამოცხადება, ვის რად უნდა ასეთ სამართალი, ასეთი ნდობის მანდატი.

მივმართავ იმ 19-ვე კანდიდატს, სასწრაფოდ თქვით, რომ თქვენ აღარ გინდათ, რომ კენჭი გიყაროთ პარლამენტმა, ნუ აყენებთ ქვეყანას ამ მძიმე არჩევანის და მძიმე პოლიტიკური კრიზისის წინაშე. რად ღირს მათი ლეგიტიმაცია, როცა თქვენ არ გენდობათ ამ პარლამენტის ის ნაწილი, რომელსაც უფლება აქვს, ილაპარაკოს იმ ადამიანების სახელით, ვინც იბრძოდა ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებებისთვის.

ასეთ ფონზე ღირს მათი უზენაესში გამწესება? ან უღირს „ქართულ ოცნებას“? უღირთ ამ ფონზე კენჭისყრის ჩატარება? იმაზე უარესად იქცევიან, ვისაც თითქოსდა ემიჯნებიან. იმათ იმის ტვინი მაინც ჰქონდათ, რომ ამხელა პროტესტის ფონზე უკან დაეხიათ. ჩვენ ვცდილობთ, ქვეყანას ავარიდოთ ის ხიფათი, რომელიც ამ უგუნური გადაწყვეტილებით ემუქრება. ეს ამ ქვეყნის მომავალს ეხება.

არ შეიძლება, ამხელა წინააღმდეგობის ფონზე მოვიდნენ ადამიანები, რომლებმაც სამართალი უნდა დაადგინონ. პირდაპირ ძალადობენ ჟურნალისტებზე, გადაუარეს თავზე, განსხვავებული მოსაზრების მოსმენა არ უნდათ. რა იყო აქ ასეთ მიუღებელი, რომ წყობიდან გამოვიდნენ“,
– განაცხდა ეკა ბესელიამ.
Print