პოლიტიკა
ახალქალაქში ,,დრამინა" გაძვირდა - ჯავახეთის ოპოზიცია კონტრაქციას აფასებს
14 დეკემბერს, თბილისში დაგეგმილ აქციას ჯავახეთიდანაც უერთდებიან. ახალქალაქში ,,ქართული ოცნების" პარტიის თავმჯდომარე განმარტავს, რომ მოსახლეობა საკუთარი სურვილით აპირებს დედაქალაქში წასვლას და ამაში მმართველი ძალა თანხას არ იხდის.

საპირისპიროს ამტკიცებს ოპოზიცია. ახალქალაქში ,,ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ამბობს, რომ პარლამენტის დეპუტატმა საჯარო სამსახურში დასაქმებულებს პირადობები უკვე გამოართვა და თანხაც გადაუხადა. მელიქ რაისიანის თქმით, ენზელ მკოიანი ხელისუფლებას 2 ათასი ადამიანის მიყვანას დაპირდა.

ახალქალაქის აფთიაქებში პრეპარატი ,,დრამინა" გაძვირდა. ჯავახეთში ,,ევროპული საქარველოს" ხელმძღვანელი, ფაქტს მასწავლებელთა აქციაზე წასვლას უკავშირებს. არსენ კარაპეტიანი ამბობს, რომ ხელისუფლება ჯავახეთის მოსახლეობას აქციაში მონაწილეობისთვის სრულ თანხასაც არ უხდის.

ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიცირებულ აქციას მმართველი პარტიის პოლიტიკური გუნდი უერთდება. კახა კალაძემ სპეციალურ ბრიფინგზე თქვა, რომ "საზეიმო ღონისძიებაზე, მასშტაბურ შეკრებაზე" დასწრების მსურველების ტრანსპორტირებას რეგიონებიდან ქართული ოცნება უზრუნველყოფს.

,,ამ დღესთან დაკავშირებით ყველა რეგიონიდან ვიწვევთ ჩვენს მხარდამჭერებს, ქართული ოცნების კურსის და საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერებს, საორგანიზაციო ჯგუფი უზრუნველყოფს ღონისძიებაზე დასწრების მსურველთა ტრანსპორტირებას ყველა რეგიონიდან, მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერებს, რეგიონში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩემს თბილისელებს, მობრძანდით, ოჯახებთან, შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად, რათა ერთად დავუჭიროთ მხარი საქართველოს გზას ევროპისკენ" - განაცხადა კალაძემ.

Print