პოლიტიკა
,,ნეტა როდის დამთავრდება საქართველოში ქოც-ნაცობა?" - ახალციხელების შეფასება კონტრაქციაზე
14 დეკემბერს დაგეგმილ აქციაზე, პედაგოგების დიდი ნაწილი სამცხე-ჯავახეთიდან თბილისში იძულებით მიჰყავთ. ამის შესახებ მასწავლებლები, რომლებმაც ვინაობის გამხელა არ ისურვეს,

tv9news.ge-ს ჟურნალისტთან საუბრობენ.

ადიგენის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, რამდენიმე პედაგოგი გვიყვება, რომ აქციაზე წასვლის ორგანიზების პროცესში თვითმმართველობის პირველი პირები არიან ჩართულები.

,,დირექტორი მერიაში დაიბარეს, თავიდან არ ვიცოდით რა ხდებოდა. რომ ამოვიდა, ყველა პედაგოგი შეგვკრიბა და გადმოგვცა ზაქარია ენდელაძის დანაბარები. ყველანი აქციაზე უნდა წახვიდეთო. ყველამ გავაპროტეატეთ, მაგრამ დირექტორმა გვითხრა, თუ სამსახურს დაკარგავთ, მერე მე არ დამაბრალოთო. არ მინდა წასვლა, მაგრამ სხვა გზა არ არის. სამსახური როგორ დავკარგო", - გვითხრა ადიგენის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელმა. მონათხრობი დაადასტურეს რამდენიმე სხვა სოფლის პედაგოგებმაც.

სამსახურის დაკარგვვის შიშით, მასწავლებლები ღიად საუბარზე უარს ამბობენ, თუმცა, თბილისში აქციაზე წასვლის მობილიზება რომ სკოლის დირექტორებს საკუთარ თავზე აქვთ აღებული, ასპინძაშიც ადასტურებენ. ერთ-ერთი სოფლის პედაგოგი გვიხსნის:

,,სოფელში ყველამ იცის, რომ ჩვენი ოჯახი "ოცნებას" მხარს არ უჭერს. არც ნაცი ვარ და არც "ქოცი", მაგრამ მაინც ოპოზიციას მეძახიან. დირექტორს ვეჩხუბე, მე მაინც როგორ მთავაზობ აქციაზე წამოსვლას-მეთქი, მაგრამ მითხრა ეს გახდება სკოლიდან შენი გაგდების მიზეზიო. სხვა გზა არ მრჩება, მივდივარ და თან ვწყევლი, სათამაშოდ რომ გვაქციეს ამხელა ხალხი", - გვითხრა პედაგოგმა.

www.tv9news.ge -ს მოქალაქეებმა, ასევე, მიაწოდეს აუდიო ჩანაწერი, სადაც ისმის, რომ ხალხს თბილისში აქციაზე ოჯახებით გამგზავრებას აიძულებენ.

„- მეზარება, არ წამოვალ-მეთქი და სავალდებულოაო. შენი ცოლი და ოჯახის წევრები წამოიყვანეო.
- ცენტრში რომ ვიყავი, იქ ლაპარაკობდნენ და გავიგე, რომ სკოლის მოსწავლეებიც მიყავთო, ეგეც თქვეს.
- რაოდენობა უნდათ, რომ დრონში გამოჩნდნენ.
- გვაჭმევენ ალბათ ერთხელ მაინც?
- ვინც აგროვებს ხალხს, ვუთხარი, რომ პასუხს მოგთხოვენ-მეთქი. ხალხი ფულის გამო მიდის და თუ არ მისცემენ, ხომ იცი რას იზამენ-თქო.
- ხალხი გაყოფილია.. ნეტა როდის დამთავრდება საქართველოში ქოც-ნაცობა?"


5 წუთიან აუდიო ჩანაწერში საუბარია აქციაზე წასვლის ორგანიზატორების მიერ, მოქალაქეების პირადი ნომრების შეგროვებაზე. დიალოგის მონაწილეები ვარაუდობენ, რომ ეს მათ ანგარიშზე ფულის ჩასარიცხად სჭირდებათ.

ადიგენის მერი და მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს. ზაქარია ენდელაძე აცხადებს, რომ ,,ქვეყნის ევროპული მომავალი ვისაც ახარებს, დღეს ყველა უერთდება ,,ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის მიერ ორგანიზებულ აქციას".

14 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ ინიცირებულ აქციას, რომელიც საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას ეძღვნება, მმართველი პარტიის პოლიტიკური გუნდიც უერთდება. თბილისის მერმა, კახა კალაძემ სპეციალურ ბრიფინგზე თქვა, რომ "საზეიმო ღონისძიებაზე, მასშტაბურ შეკრებაზე" დასწრების მსურველების რეგიონებიდან ტრანსპორტირებას „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფს.

,,ამ დღესთან დაკავშირებით ყველა რეგიონიდან ვიწვევთ ჩვენს მხარდამჭერებს, ქართული ოცნების კურსის და საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერებს, საორგანიზაციო ჯგუფი უზრუნველყოფს ღონისძიებაზე დასწრების მსურველთა ტრანსპორტირებას ყველა რეგიონიდან, მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერებს, რეგიონში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩემს თბილისელებს, მობრძანდით, ოჯახებთან, შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად, რათა ერთად დავუჭიროთ მხარი საქართველოს გზას ევროპისკენ" - განაცხადა კალაძემ.

ოპოზიციის ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთიდან აქციაში მონაწილეობას ახალქალაქიდან და ნინოწმინდიდან 2 ათასი ადამიანი, ახალციხიდან - 3 ათასი, ადიგენიდან - 2 ათასი, ბორჯომიდან და ასპინძიდან - 3 ათასი მოქალაქე მიიღებს.

Print