პოლიტიკა
გიორგი გახარია აშშ-ს ახალ ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა. ინფორმაციას და ფოტომასალას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. 

მათი ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის პირობებში არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობებს. გიორგი გახარიამ და კელი დეგნანმა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებზე ისაუბრეს, აღინიშნა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებული მჭიდრო თანამშრომლობა.

"ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან შინაარსიანი საუბარი შედგა, განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი: თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში, ეკონომიკური თანამშრომლობა და ასევე ეკონომიკური კავშირების გაზრდის შესაძლებლობები. საფუძვლიანად ვისაუბრეთ განათლების მნიშვნელობაზე, მათ შორის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ 7 მლნ დოლარიანი პროგრამის განხორციელების ინიციატივაზე, რომელიც ახლახან გამოცხადდა. ის კარგ ეფექტს იქონიებს და საქართველოს მთავრობის მიერ განზრახულ ინიციატივებსაც გაამყარებს“,- განაცხადა კელი დეგნანმა.

როგორც ამერიკის ახლად დანიშნულმა ელჩმა შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, 2020 წელი ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი წელია, რადგან ორივე ქვეყანაში არჩევნებია.

2020 წელი მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ისე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, რადგან წინ ორივე ქვეყანას არჩევნები გველის. სულმოუთქმელად ველი საქართველოს მთავრობასთან, ხალხთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან მუშაობას დემოკრატიულ პროცესზე აქ და იმავეს გავივლით იქ - შეერთებულ შტატებში,”- განაცხადა ამერიკის ელჩმა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი და პრემიერის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი, აგრეთვე, ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე საქართველოში ელიზაბეთ რუდი ესწრებოდნენ.

 

Print