პოლიტიკა
,,ვანო რომ ჩასვეს, მსოფლიო იყო სხვა" - მიხეილ სააკაშვილი
ვანო მერაბიშვილი არის ძალიან კარგ ხასიათზე, გაუტეხავად, როგორც იყო ექვსი წლისა და ცხრა თვის განმავლობაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა, გიორგი ჩივიაშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, ვანო მერაბიშვილი საპატიმროს ხვალ, 10:00 საათის შემდეგ დატოვებს.

„ ჩვენ უკვე ხვალ, 10:00 საათზე შევიკრიბებით და დაველოდებით მეცხრე დაწესებულებასთან. დანარჩენს, როგორც შესვლამდე გითხარით, თავის პოლიტიკურ მიზნებთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს გათავისუფლების შემდეგ. არის ძალიან კარგ ხასიათზე, არის გაუტეხავად, როგორც იყო ექვსი წლისა და ცხრა თვის განმავლობაში“, – განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.

ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა. მიხეილ სააკაშვილი თანამებრძოლს პოლიტიკისგან შორს ყოფნას და ოჯახთან ერთად დასვენებას ურჩევს.

„ვანო მერაბიშვილს, რამდენჯერმე უთხრეს, მათ შორის ციხიდან გაიყვანეს და ისე უთხრეს, მოგვეცი ცრუ ჩვენება სააკაშვილზე და გაგიშვებთო. ეს კაცი ამდენი წელია, ზის იქ მხოლოდ იმის გამო, რომ არ აიღო სინდისზე ხელი და არ მოაბოდიალა რაღაც ტყუილი, რაც ვიღაც-ვიღაცებმა იკადრეს. ამიტომ, მე მაქვს მის მიმართ პირადი ვალდებულების განცდა. თუმცა, მშვენივრად ვხედავ იმ შეცდომებსაც, რაც დაუშვა ვანომ. ვხედავ იმ გადაცდომებსაც, რაც დაუშვეს მაშინ ამ სისტემებში და მინდა ვთქვა, რომ არა ეს გადაცდომები, შედარებით გაუძნელდებოდა ივანიშვილს, ჩაეგდო ჩვენი ქვეყანა ხელში, ყველას კუთვნილი ქვეყანა ექცია პირად ლუკმად. მე მაქვს ჩემი პირადი ემოციები.

თუმცა, მინდა ვთქვა, როდესაც ვანო ჩასვეს ციხეში სრულიად უდანაშაულოდ, რადგან რაც მას მიუსაჯეს სრულიად სასაცილო იყო, იმის შემდეგ მსოფლიო შეიცვალა. მაგალითად ვანო რომ ჩასვეს, ასეთი „აიფონი“ არ არსებობდა, ვანო რომ ჩასვეს იყო „ნოკიები“, ვანო რომ ჩასვეს, მსოფლიო იყო სხვა. ამიტომ, ჩემი აზრით, ახლა მე რომ ვანოს ადგილზე ვიყო, მე ასე მასთან პირადი კონტაქტი არ მაქვს, დავუბრუნდებოდი ჩემს ოჯახს, დავტკბებოდი ჩემს შვილებთან ახლოს ყოფნით, ვიმოგზაურებდი მსოფლიოში, გავახელდი თვალებს, გავიხედ-გამოვიხედებოდი და მხოლოდ ამის შემდეგ, რაღაც პერიოდის შემდეგ მივიღებდი რაღაც გადაწყვეტილებებს“
, -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მერაბიშვილი 2014 წელს სასამართლომ დამნაშავედ სცნო და პატიმრობა მიუსაჯა.
Print