პოლიტიკა
"გაძლევთ გარანტიას, რომ ეს ხელისუფლება 1 წელიწადში დასრულდება" - ვანო მერაბიშვილმა ციხე დატოვა
შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტმა ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა. ვანო მერაბიშვილი პენიტენციური დაწესებულებიდან თითქმის, 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. 

მე გაძლევთ გარანტიას, რომ ეს ხელისუფლება 1 წელიწადში დასრულდება, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ციხის დატოვების შემდეგ განაცხადა.

„კმაყოფილი ვარ, რომ არ წავედი კომპრომისზე. მინდა აქ შეკრებილ გულშემატკივრებს და იმ ადამიანებს, რომლებიც შორიდან მგულშემატკივრობდნენ, მადლობა გადავუხადო. მათი მხარდაჭერით და მომავლის იმედით შევინარჩუნე ძალა, ენერგია, იმედი, რწმენა, რომ გავაგრძელო ბრძოლა იმისთვის, რომ ეს რეჟიმი საქართველოს წელსვე ჩამოცილდეს. მე გაძლევთ გარანტიას, რომ ეს ხელისუფლება 1 წელიწადში დასრულდება. ეს არის აუცილებელი იმისათვის, რომ ქვეყანაში დაიწყოს განვითარება, წავიდეს წინ, ახალგაზრდებს მიეცეთ პერსპექტივა, დასაქმების შანსი და მოხუცებს ღირსეული სიბერე. 

რაც შეეხება თუ ვისთან ვითანამშრომლებ, ძალიან მახარებს, რომ ოპოზიცია არის ერთიანი და ჩვენ ერთად შევძლებთ ამ რეჟიმის დამარცხებას. რადგან მე ვიყავი იზოლაციაში, ცხადია ახლა არ შემიძლია კონკრეტულ პარტიაზე საუბარი. ჩემი უახლოესი მეგობრები დღეს სხვადასხვა პარტიაში არიან, მე ყველას შევხვდები სათითაოდ და გაძლევთ გარანტიას, რომ როცა ჩამოვყალიბდები გაცნობებთ. ჩემს წინააღმდე შეუძლიათ კიდევ 10-მდე საქმე აღძრან, თუმცა ამით ვერ გამტეხენ. მე გითხარით, რომ ვაპირებ აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას, ამ რეჟიმის დასამარცხებლად. ყველას შევხვდები" - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს. ის სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდიდა, მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეზე.

სასჯელის შთანთქმის პრინციპით, მერაბიშვილს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

ამჟამად სასამართლოში მერაბიშვილის წინააღმდეგ 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმის განხილვა მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე მერაბიშვილს უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან.
Print