პოლიტიკა
"ჩვენთვის არაფერი განუმარტავთ" - ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის მამა

 

ბორჯომის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის დაკავებას, მათი ახლობლები და პოლიტიკური პარტიების ადგილობრივი წარმომადგენლები ეხმაურებიან. ოპოზიციონერები ამბობენ, რომ რეგიონის მაღალჩინოსნებს კორუფციაში ქვეყნის ხელისუფლება ახალისებს.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მოქალაქე გ.უ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ საკრებულოს თავმჯდომარემ განაშენიანების რეგულირების გეგმის საკრებულოს სხდომაზე გატანისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის სანაცვლოდ, მეწარმეს ქრთამის სახით მოსთხოვა 200 000 ლარი, საიდანაც წინასწარ გამოართვა 20 000 ლარი. აღნიშული პირი თანხის გადაცემისთანავე დააკავეს.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა დაბა ბაკურიანში უკანონო მშენებლობების მფარველობის სანაცვლოდ, ამავე მეწარმეს 10 500 ლარი მოსთხოვა, საიდანაც ეტაპობრივად 8000 ლარი გამოართვა.

აღნიშნული დანაშაულის თაობაზე ცნობილი იყო ბორჯომის მერის მეგობრისთვის - მოქალაქე გ.უ-სთვის, რომელმაც ამის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.

 


Print