როგორ ცვლის კორონავირუსი ბიძინა ივანიშვილის შემოსავლებს
მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების ფონზე უმდიდრესი ადამიანების ქონება მცირდება.
ბოლო მონაცემებით, ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის აქტივების წმინდა ღირებულება ერთ თვეში 1 მლრდ დოლარით შემცირდა. დაახლოებით ერთი თვის წინ, ამერიკის პრეზიდენტის ქონება შეადგენდა 3.1 მლრდ დოლარს, ახლა კი მხოლოდ 2.1 მლრდ-ს.
მცირდება ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ქონების ღირებულებაც. შეგახსენებთ, რომ ის ერთადერთია, ვინც საქართველოდან „ბლუმბერგის“ მილიარდერთა რეიტინგში ხვდება. ინდექსის მიხედვით, ივანიშვილი ქონება ბოლო 1 თვის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. კერძოდ, 19-24 მარტის პერიოდში 4.92-4.97 მლრდ დოლარის ფარგლებშიც კი მერყეობდა. ცნობისთვის, 2013 წლის შემდეგ ივანიშვილის ქონება ასე მცირე ნიშნულზე მხოლოდ 2018 წლის დეკემბერში იყო, როცა 4.97 მლრდ დოლარად იყო შეფასებული.
3 აპრილის მდგომარეობით, ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.05 მლრდ დოლარად არის შეფასებული და ის რეიტინგში 321-ე პოზიციაზეა.
აღსანიშნავია, რომ მილიარდერების ინდექსის თანახმად, ივანიშვილის ქონება ყველაზე მაღალი - 2013 წელს იყო, როცა 6.40 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა.
გამოცემას ბიზნესმენთან დაკავშირებით მცირე ინფორმაციაც აქვს დატანილი, სადაც ივანიშვილის ბიზნეს საქმიანობის დაწყებისა და პოლიტიკური კარიერის მოკლე ისტორიაა ასახული.
„ივანიშვილმა კარიერა პოსტ-საბჭოთა რუსეთში 1990-იან წლებში რკინის მადნის მოპოვებაში, ბანკებსა და უძრავ ქონებაში ფულის ჩადებით დაიწყო. თავისი აქტივების უმეტესობა 2003-2006 წლებში გაყიდა, დანარჩენი ნაწილი გაიყიდა საქართველოში პრემიერ-მინისტრად არჩევამდე 2012 წელს. ერთი წლის შემდეგ კი ის თანამდებობიდან გადადგა,“ - იუწყება გამოცემა.
ცნობისთვის, Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ყოველდღიური რეიტინგია. Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში სულ 500 მილიარდერია.