პოლიტიკა
,,შეიძლება, სასაფლაოების დახურვა მოგვიწიოს" - გიორგი გახარია
დღეს გამართულ ბრიფინგზე, პრემიერმა ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა. გიორგი გახარიას განცხადებით, სახელმწიფო მიდგომა ყველა რელიგიური ორგანიზაციების მიმართ ერთნაირი იქნება. რაც შეეხება აღდგომის შემდეგ, საფლავებზე გასვლის ტრადიციას, პრემიერი არ გამორიცხავს, რომ სახელმწიფომ დააწესოს სასაფლაოების გასვლის შეზღუდვა.

,,ჩვენ უნდა ველოდოთ ყველაფერს და მივიღებთ გადაწყვეტილებას ვითარების პროპორციულობიდან გამომდინარე. ჩვენ მივიღეთ ის, რომ ერთ დღეს გვყავს 30 დაინფიცირებული, ამიტომ მივიღეთ მსხვილი ქალაქების ჩაკეტვის გადაწყვეტილება. ამიტომ ნაბიჯ-ნაბიჯ ვამკაცრებთ, რადგან მივდივართ ორი მიმართულებით - ადამიანების ჯანმრთელობა და ეკონომიკური მდგომარეობა. ჩვენ არ ვართ მდიდარი ქვეყანა და არ გვაქვს შეცდომების დაშვების უფლება. ახლა მნიშვნელოვანია მოვახდინოთ ინფექციის განვითარების სისწრაფის რეგულაცია. ყოველდღიურად იცვლება ყველაფერი, ამიტომ ყოველდღიურ რეჟიმში ვცდილობთ ამ გამოწვევებს ვუპასუხოთ. იმედი მაქვს, რომ არ მივალთ სრულიკარანტინის გამოცხადებამდე, თუმცა არც ეს ვერსიაა გამორიცხული.


რაც შეეხება მოახლოვებულ სააღდგომო დღესასწაულსა და ტრადიციებს, რომელთა ერთ-ერთი თანამდევია საფლავებზე გასვლა, ვიმეორებ, რომ ყველასთვის არსებობს შეზღუდვა. სამწუხაროდ, შეიძლება გავხდეთ იძულებული და სასაფლაოების დახურვა მოგვიწიოს. ამ გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს ორ დღეში. ჩვენ მოგვიწევს ასევე, გარკვეული შეზღუდვების დაწესება, რადგან სასაფლაოები არის მუნიციპალურ ბალანსზე, უნდა გვესმოდეს, რომ ახლა ვართ ბრძოლაში და ბრძოლის ხაზი ზოგჯერ გადის უკომპრომისო ბრძოლაზე.

რაც შეეხება მუსლიმ თემს და რამადანის დაწყებას - კანონი არის ყველასთვის ერთნაირი და შესაბამისად მიდგომებიც იქნება ყველასთვის ერთნაირი.

დღეს ვართ საგანგებო მდგომარეობაში - ომის და ბრძოლის, თუმცა იმედი მაქვს მოქალაქეთა გონიერებისა და სიბრძნის, ისევე როგორც ეკლესიის არდახურვა არის ასევე ეგზისტენციალური საკითხი.

გონიერი მოქალაქე მიხვდება, რომ არ დაელოდოს ეკლესიისგან მოწოდებას, რომ არ მოხვიდეთ ეკლესიაში და არ დაელოდოს მთავრობას, რომ დააჯარიმოს. არ დააყენოთ ეკლესია და სახელმწიფო გამოუვალ მდგომარეობაში. უნდა გვეყოთ ვაჟკაცობა, რომ ასე მოვიქცეთ. ეკლესია არ დაიხურება, განსაკუთრებით სააღდგომო ღამეს, ჩვენი მოკავშირე ამ შემთხვევაში არის მოქალაქე და ბრძენი მოქალაქე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ბრძენი მოქალაქე არ ჩააყენებს გამოუვალ მდგომარეობაში არც სახელმწიფოს და არც ეკლესიას" - აღნიშნა გიორგი გახარიამ.


Print