პოლიტიკა
ვანო მერაბიშვილი სამცხე-ჯავახეთის ერთი ოლქის მაჟორიტარი კანდიდატი იქნება
საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება, – ამის შესახებ ინფორმაცია მეცხრე არხს წყარომ დაუდასტურა.

ვანო მერაბიშვილი პარტია საპარლამენტო მანდატისთვის „ნაციონალური მოძრაობის” სახელით იბრძოლებს და გამარჯვების შემთხვევაში სამცხის ოლქში - ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების მოსახლეობის ინტერესებს პარლამენტიდან დაიცავს.

ყოფილი პრემიერი და შს მინისტი, 2013 წლის მაისში დააკავეს და სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდიდა: მათ შორისაა 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმე.

სასჯელის შთანთქმის პრინციპით, მერაბიშვილს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა და საპატიმროდან 2020 წლის 20 თებერვალს გათავისუფლდა.

ამჟამად სასამართლოში მერაბიშვილის წინააღმდეგ 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმის განხილვა მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე მერაბიშვილს უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან.
Print