ახალციხეში "ევროპული საქართველოს" წევრები მხარს "ნაციონალების" კანდიდატს დაუჭერენ
„ევროპული საქართველოდან“ „ნაციონალებში“ ჯერ არავინ გადმოსულა, მაგრამ რამდენიმე ათეული ჩემი მხარდამჭერი შესაძლებელია მალე იხილოთ ჩემ გვერდით - აცხადებს ენმ-ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სამცხეში ვაჟა ჩიტაშვილი. მან სამ აგვიტოს ,,ევროპული საქართველოს“ ახალციხის ოფისი დატოვა და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდა. ენმ-ში დაბრუნების ფაქტს ტაქტიკურ სვლას უწოდებს.
„როცა პარტია ორად გაიყო, პირადად მე მაშინ აღვიქვი, როგორც ოპოზიციის ტაქტიკური სვლა, თუ როგორ უნდა დაგვემარცხებინა სახელისუფლებო პარტია. ამ გადაწყვეტილებამ მაშინ თავის საქმე გააკეთა, თუმცა უკვე ამოწურა ჩემი შეხედულებით თავისი დანიშნულება და დავბრუნდი უკან. თუმცა არსად არ წავსულვარ. ჩემი ხედვები ყოველთვის ემთხვეოდა ნაციონალური მოძრაობის ხედვებს“, - აცხადებს ვაჟა ჩიტაშვილი.
16 აგვისტოს სამცხეში ვანო მერაბიშვილი იმყოფებოდა, რომელიც ოთხი მუნიციპალიტეტის - ბორჯომის, ახალციხის, ადიგენისა და ასპინძის „ევროპული საქართველოსა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს შეხვდა. სწორედ მისი ვიზიტის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია კონკრეტულად ახალციხის ორი პარტიის გაერთიანების შესახებ. ვაჟა ჩიტაშვილი არ გამორიცხავს, რომ ვანო მერაბიშვილის პოზიციამ იქონია გავლენა ახალციხის ,,ევროპული საქართველოს“ ოფისის წევრებზე, მაგრამ ამბობს, რომ "მსგავსი ტიპის საუბარი - დატოვე პარტია და ა.შ.“ არ ყოფილა. რაც შეეხება ახალციხის "ევროპული საქართველოსა" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისის წევრებს ინფორმაციას არ ადასტურებენ, თუმცა აღნიშნავენ რომ წინასაარჩევნო საქმიანობა უკვე დაწყებული აქვთ და პასუხებს თბილისიდან უახლოეს დღეებში ელოდებიან.