პოლიტიკა
თეა ახვლედიანი სამცხე-ჯავახეთს სტუმრობდა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონს პირველი გაცნობითი ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, თეა ახვლედიანმა შეხვედრა გამართა რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულსა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული მუნიციპალიტეტების მერებთან. განიხილეს სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში არსებული საჭიროებები და ხედვები, ახალ სახელმწიფო სტრატეგიაში გათვალისწინების მიზნით. ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრი ახალქალაქშიც გაემგზავრა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა, სადაც სახელმწიფო მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკისთან დაკავშირებული ხედვები გააცნო.

„სამცხე-ჯავახეთში ადგილობრივი ხელისუფლებისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან უშუალო გარემოში გამართულ სამუშაო, გაცნობით შეხვედრებს ძალიან მნიშვნელოვნად მივიჩნევ, განსაკუთრებით ამ ეტაპზე, როდესაც დაწყებულია სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის ახალ სტრატეგიაზე მუშაობა. ამ პროცესში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ჩართულობა და მათთან მოსაზრებების ურთიერთგაცვლა, ჩვენი ერთ-ერთი უპირველესი ამოცანაა. საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს თანასწორი შესაძლებლობა სრულფასოვნად ჩაერთოს ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ საქმიანობაში“-განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

Print