პოლიტიკა
სამველ პეტროსიანი არჩევნებში „პატრიოტთა ალიანსიდან“ ჩაერთვება
ჯავახეთის საარჩევნო ოლქში საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას „პატრიოტთა ალიანსიდან“ ახალქალაქის საკრებულოს მოქმედი დეპუტატი სამველ პეტროსიანი მიიღებს. მისი თქმით, თვეზე მეტია „პატრიოტთა ალიანსის“ სიაშია, შესაბამისად, 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებში პარტიული სიით ჩაერთვება.

სამველ პეტროსიანი ინფორმაციას „მეცხრე არხთან“ ადასტურებს. ამასთანავე, ამტკიცებს, რომ ახალქალაქის საარჩევნო კომისიამ გაყალბებები უკვე დაიწყო.

”არჩევნებში „პატრიოტთა ალიანსიდან“ პარტიული სიით მივიღებ მონაწილეობას. აქტიურად ჩავერთვები წინასაარჩევნო კამპანიაში. დარწმუნებული ვარ, რომ იქნება გაყალბებები. ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიამ დარღვევებით მუშაობა უკვე დაიწყო. მათ დამკვირვებლებისა და კომისიის წევრების გადამზადებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ვიწრო წრეში გაავრცელეს, რადგან სერტიფიცირება მხოლოდ იმ ადამიანებს მიეღოთ ვინც თვითონ უნდოდათ. ეს, რათქმაუნდა, საარჩევნო კოდექსის პირდაპირი დარღვევაა“– აცხადებს სამველ პეტროსიანი.

მისივე თქმით, „პატრიოტთა ალიანსი“ ახლო მომავალში წარადგენს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ჯავახეთის ოლქში.

შეგახსენებთ, რომ 2012-2016 წლებში, სამველ პეტროსიანი საქართველოს პარლამენტის წევრი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ იყო.

Print