პოლიტიკა
ახალქალაქის მერიაში სადავო ბილბორდის შესახებ დოკუმენტებს ვერ პოულობენ
ახალქალაქის შესასვლელში, ენზელ მკოიანის ბენზინგასამართ სადგურთან, ბილბორდის დამონტაჟების საკითხი კვლავ დავის საგანია. ახალქალაქის მერია მასზე ბანერის განთავსების ნებართვას არ გასცემს. დეპუტატი ენზელ მკოიანი კი ამტკიცებს, რომ დოკუმენტები არსებობს, მაგრამ მერიას მისი მოძებნა არ სურს. ახალქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ ასეთი ნებართვა უწყებაში ვერ მოიძებნა. ინფორმაციას სააგენტო JNEWS-ი ავრცელებს.

“ჩვენ, 2014 წლის დოკუმენტებს გადავხედეთ და ეს გადაწყვეტილება ვერ ვნახეთ. ენზელ მკოიანს ჯერ არ წარმოუდგენია, მას ამისათვის ერთი დღე კიდევ აქვს. თუ არ წარადგენს, ადმინისტრაციულ წარმოებას დავიწყებთ. ვნახოთ, გამოძიება რას გვაჩვენებს, რა ქვეპუნქტებია მათი მხრიდან დარღვეული. ეს საკითხი ერთ ან ორ დღეში არ გვარდება”,- ამბობს ახალქალაქის მერი იურიკ უნანიანი.

ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი კი დარწმუნებულია, რომ წინასაარჩევნო აგიტაციის ჩატარებაში დაბრკოლებებს განზრახ უქმნიან. მისი თქმით, ბილბორდის კონსტრუქციის დამონტაჟების ნებართვა არსებობს, წინააღმდეგ შემთხვევაში 2017-18 წლებში დოკუმენტების დამქირავებლებისთვის წარდგენა შეუძლებელი იქნებოდა.

“და რა პრობლემაა, ჩვენს საკუთარ მიწაზე დავამონტაჟეთ ბილბორდი. უბრალოდ მიკვირს. უნდა მოიძებნოს, რადგან ეს დოკუმენტაცია 2016 წლიდან არსებობს. მერიას უბრალოდ არ სურს მოძებნა. ამას განძრახ აკეთებენ. თუ მოუნდებათ, საკუთარ მიწაზე განთავსების ნებას 5 დღეშიც დამრთავენ. ეს დიდი პრობლემა არ არის, უბრალოდ უნდათ დიდ პრობლემად აქციონ. დრო მოვა, ის ადამიანები, ვინც ყოველი წვრილმანისგან პრობლემას ქმნიან, პასუხს აგებენ. არ ვიცი, შოუს რატომ დგამენ, ასეთი რამის გაკეთება არ შეიძლება. ყველაფერი სამართლიანად გაკეთდეს. ყოველთვის “დემოკრატიას” ყვირიან, სად არის დემოკრატია?”,- განმარტავს ენზელ მკოიანი.

არასამთავრობო ორგანიზაცია “მრავალეროვანი საქართველოს” იურისტი გიორგი გულიაშვილი აცხადებს, რომ თუ არსებობს ბევართვის დოკუმენტი, მაშინ ენზელ მკოიანს, კანონით ბილბორდზე წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამის განთავსების უფლება აქვს.

“სააგიტაციო მასალები შენობებზე და სხვა ობიექტებზე, მათ მფლობელებთან ან მათი თანხმობით, შეიძლება გამოიფინოს (კოდექსის 46-ე მუხლი). შესაბამისად, ენზელ მკოიანს, მის კუთვნილ სარეკლამო ფარზე, წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამის განთავსების უფლება აქვს. მუნიციპალური ორგანოები ვალდებულნი არიან: განსაზღვრონ განთავსების ადგილი და/ან საყრდენი და სააგიტაციო მასალების დემონსტრაცია. ისინი ასევე ვალდებულნი არიან სააგიტაციო მასალები განათავსონ და გამოფინონ”,
- აცხადებს გიორგი გულიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ენზელ მკოიანის ბენზენ-გასამართ სადგურზე არსებულ ბილბორდზე ფარის დამონტაჟებას უკმაყოფილება მოჰყვა. მერიის წარმომადგენლებმა სამუშაოების გაგრძელების უფლება მკოიანს არ მისცეს და ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.

საქართველოს პარლამენტის მოქმედი დეპუტატი, ენზელ მკოიანი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში კენჭს დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით იყრის.

Print