პოლიტიკა
„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია დაასახელა
„ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად და სიის პირველ ნომრად გიორგი გახარია დაასახელა. კანდიდატურა მმართველმა პარტიამ ფუნიკულიორზე პარტიის სიის პირველი ოცეულის წარდგენის პრეზენტაციაზე წარადგინა.

როგორც პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ წარდგენაზე განაცხადა, ქვეყანას გიორგი გახარიას პრემირობა სჭირდება.

“მოგეხსენებათ, ქვეყნის წარმატება თავისით არ მოდის, მას ქმნიან წარმატებული ადამიანები, პატრიოტები და პროფესიონალები, რომლებსაც სამშობლოსა და საქმის სიყვარული ამოძრავებთ, ასევე სწრაფვა ქვეყნის განვითარებისა და ადამიანებზე ზრუნვისკენ. სწორედ ამ პრინციპებით შედგა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ. საპარლამენტო დემოკრატიაში მიღებულია საარჩევნო სიის პირველ ნომრად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელება. „ქართული ოცნება“ არ ასახელებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ჩვენ ვასახელებთ მომავალ პრემიერ-მინისტრს, ადამიანს, რომელმაც საუკეთესოდ გამოარჩევს სწორედ პატრიოტიზმი და პროფესიონალიზმი, რომელსაც აქვს ლიდერობისა და მართვის გამორჩეული უნარი. სცენაზე ვთხოვ საქართველოს მოქმედ და მომავალ პრემიერ-მინისტრ ბატონ გიორგი გახარიას. სწორედ გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობა სჭირდება ჩვენს ქვეყანას იმისთვის, რომ წარმატებით დაძლიოს პანდემიით გამოწვეული პრობლემები და განაგრძოს სწრაფი განვითარების გზა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ“,-განაცხადა კობახიძემ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.
Print