პოლიტიკა
ანტონ ობოლაშვილი - 8, ხოლო სამველ მანუკიანი 3 კომპანიის მეწილეა
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშირისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატების სამეწარმეო საქმიანობა და პოლიტიკური შემოწირულებები შეისწავლა.

ორგანიზაციამ კანდიდატებისა და მათი ოჯახის წევრების ბიზნეს საქმიანობა, მათი კომპანიების მონაწილეობა სახელმწიფო ქონების პრივატიზაციასა და სახელმწიფო შესყიდვებში 2012 წლიდან 2020 წლის 20 აგვისტომდე შეისწავლა. ასევე გამოიკვლია ამ პირებისა და მათი ბიზნესპარტნიორების პოლიტიკური შემოწირულებები და კანდიდატად წარდგენილი ყოფილი თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები.

კვლევის თანახმად, ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის მაჟორიტარობის კანდიდატი ანტონ ობოლაშვილი აქტიურად არის ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში. მას 8 კომპანიაში აქვს წილი ან იკავებს დირექტორის/წარმომადგენლის პოზიციას, რომლებიც, თავის მხრივ, კიდევ 6 კომპანიას ფლობენ. ესენია: შპს "გლობალფარმი", შპს „გლობალინვესთმენთი“, შპს "ჯეომედიცინი", შპს "მესხეთი 2004", შპს "პარკლაინი", შპს "უნივერსი 2017", კომპანია როტაფარმ ლიმიტედის წარმომადგენლობა და შპს "ვოლდ მედიცინის" ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში. 

ანტონ ობოლაშვილის კომპანიის შპს „გლობალფარმის“ კომერციულმა დირექტორმა რობერტ ელოიძემ 2012 წელს „ნაციონალურ მოძრაობას“ 50,000 ლარი შესწირა.

სამეწარმეო საქმიანობაშია ჩართული ანტონ ობოლაშვილის მეუღლე ლია ობოლაშვილი. ის 5 კომპანიაში ფლობს წილებს ან იკავებს დირექტორის პოზიციას.

კვლევაში მოხვდა ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატიც. სამველ მანუკიანი 3 კომპანიაში ფლობს წილებს: ესენია: შპს „გრანდი“ - 50%, შპს „კრისტალლი“ - 50% და შპს „გეოფუდი“ - 50%. იგი პარლამენტის მოქმედი წევრია და მის საკუთრებაში არსებული კომპანიები დეკლარირებული აქვს, თუმცა საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, მას ეს წილები მართვის უფლებით დროებით სხვა პირისთვის არ გადაუცია.

სამველ მანუკიანმა 2016 წელს მმართველ პარტიას 45,000 ლარი შესწირა.

არასამთავრობო ორგანიაცია „საერთაშირისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მომავალში სხვა პარტიების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შესახებ კვლევის შედეგებს გამოაქვეყნებს.

Print