პოლიტიკა
ახალციხეში "ევროპული საქართველოს" პლაკატები დააზიანეს
ახალციხეში "ევროპული საქართველოს" საარჩევნო პლაკატები დააზიანეს. როგორც  პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, გუშინ, 11 სექტემბერს კანდიდატის სააგიტაციო მასალები მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით გააკრეს, მაგრამ დღეს მათი ნაწილი ჩამოხეული, ნაწილზე კი "ქართული ოცნების" პლაკატები დახვდათ გადაკრული.

"ევროპული საქართველო"-ს ახალციხის ორგანიზაციაში, ამ ქმედებაში" "ქართულ ოცნებას" ადანაშაულებენ და მათ წინააღმდეგ საჩივრის წარმოებას აპირებენ. 

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ პლაკატების დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ანტონ ობოლაშვილის განცხადებით, ამჟამად ქალაქში არ იმყოფება და კომენტარს ვერ გააკეთებს.

"ახალციხეში როცა დავბრუნდები, გავეცნობი სიტუაციას და შემდეგ გავაკეთებ კომენტარს" - აცხადებს ანტონ ობოლაშვილი.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის მე-7 პრიმა ნაწილის მიხედვით, დაუშვებელია და ისჯება სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება, თუ ის აკრძალულ ადგილზე არ არის განთავსებული.



Print