პოლიტიკა
"ყველაფერს აკეთებენ, რომ კანდიდატურა მოვხსნა" - ენზელ მკოიანი
ახალქალაქი-ნინოწმინდის საარჩევნო ოლქის დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი ენზელ მკოიანი JNEWS-თან ზეწოლაზე საუბრობს. ამბობს, რომ მას და მის მხარდამჭერებს ავიწროებენ.

”ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ კანდიდატურა მოვხსნა, მაგრამ ბოლომდე გავალ, მაშინაც კი, თუ მესვრიან. სამჯერ დამირეკეს, მითხრეს, რომ მოვხსნა კანდიდატურა, მაგრამ მე ამას არ გავაკეთებ. მათი სახელები პროკურატურაში უკვე გადაცემულია. ახლა მათ დასახელებისგან თავს შევიკავებ”, - ამბობს მედიასთან მკოიანი.

მკოიანის თქმით, ნინოწმინდასა და ახალქალაქში საარჩევნო შტაბის გახსნის შემდეგ, ფინანსურმა პოლიციამ გაზის სადისტრიბუციო კომპანია SJGC შეამოწმა, სადაც მისი ძმა 40%-იან წილს ფლობს. მკოიანი ირწმუნება, რომ ეს მის წინააღმდეგ არის მიმართული.

”პოლიციელების 30-ზე მეტი მანქანა შემოიყვანეს ქალაქში, დააკავეს ყველა ვინც მოვიდა საარჩევნო კამპანიაზე, დაახლოებით 30-40 ადამიანი, ყველა დააჯარიმეს. ერთი სიტყვით, ისინი აშინებენ. გარდა ამისა, ფინანსური პოლიცია შევიდა გაზის კომპანიაში, შეაგროვა ყველა დოკუმენტი და დალუქა. ეს კომპანია სუფთად მუშაობს. მათ იპოვეს 10 ადამიანი ჩემი ოპონენტებიდან, რომლებმაც დაწერეს განცხადება, თითქოს გაზის მრიცხველები ბევრს წერს, ამიტომ შეაგროვეს დოკუმენტები. ვაცხადებ, რომ ეს არის დამოუკიდებელი არჩევნები და არ შეგიძლიათ ზეწოლა მოახდინოთ ხალხისთვის შექმნილ ბიზნესზე. მათ მილიონობით კრედიტი რეგიონის გაზიფიცირებისთვის აიღეს და დღეს ისინი აშინებენ ხალხს. აკეთებენ ისე, რომ არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში და შეძლონ მათი დამორჩილება”- განაცხადა დეპუტატობის კანდიდატმა. 

ენზელ მკოიანმა საარჩევნო შტაბი ახალქალაქსა და ნინოწმინდაში 16 სექტემბერს გახსნა.

შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში, „ქართულმა ოცნებამ“ ენზელ მკოიანის ნაცვლად, უმრავლესობის დეპუტატობის კანდიდატად სამველ მანუკიანი წარადგინა.

Print