სალომე ზურაბიშვილი სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს მიმართავს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებს მიმართავს და დიალოგის სწრაფად აღდგენისაკენ მოუწოდებს, რომელიც დეესკალაციისა და ცეცხლის შეწყვეტისკენ იქნება მიმართული.
,,ეს ჩვენი სამივე ქვეყნის მთავარი და საერთო ინტერესია, რათა ჩვენ დავუბრუნოთ ამ რეგიონს სტაბილურობა, მშვიდობა და მსოფლიოსათვის უზარმაზარი ეკონომიკური როლი. ეს ჩვენი ერთობლივი მონაპოვარია. ეს არის ის, რასაც ჩვენ ერთობლივად უნდა გავუფრთხილდეთ.
მინდა ასევე, მივმართო მინსკის ჯგუფს და მის თანათავმჯდომარეებს, რომელთაც ამ კონფლიქტის მიმართ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვთ. მინდა გავიმეორო - ჩვენ მზად ვართ, რომ ეს ქვეყანა - თბილისი იყოს ადგილი, სადაც შესაძლებელი იქნება გაიმართოს ნებისმიერი მოლაპარაკება. ჩვენ მზად ვართ ყველაფრისთვის, რაც მხარეებისთვის სასურველი იქნება.
ასევე, მინდა მივმართო ევროკავშირს. ჩვენ, ამ რეგიონის სამივე ქვეყანა, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნები ვართ. თუ ეს რამეს ნიშნავს, თუ სამეზობლო რამეს ნიშნავს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრს ნიშნავს, ჩვენი სტაბილურობა და რეგიონში მშვიდობა ასევე, ევროკავშირის ინტერესშია. ევროკავშირმა უნდა გამოიყენოს თავისი ძალები მშვიდობისა და ამ სიტუაციის დეესკალაციისთვის.
ეს ჩვენი, სამივე ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების საერთო მიზანია. სამივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის არაფერია იმაზე უფრო ძვირფასი, ვიდრე მშვიდობა და სტაბილურობაა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.