პოლიტიკა
საპარლამენტო მანდატებზე "ლელოსა" და "პატრიოტთა ალიანსის"ლიდერებიც უარს ამბობენ
მე-10 მოწვევის პარალამენტში შესვლაზე „პატრიოტთა ალიანსისა“ და "ლელოს" ლიდერებიც უარს ამბობენ. პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ჩატარებულ არჩევნებს არალეგიტიუმურად მიიჩნევენ და იგი არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას.

„დღეს იმსჯელა „ლელოს“ პოლიტსაბჭომ და მიიღო გადაწყვეტილება, რომ „ლელო“ არ აპირებს შევიდეს ამ პარლამენტში, ჩვენ არ ვაპირებთ პარლამენტის ლეგიტიმაციას. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ საქართველოში ნამდვილად ჩატარდეს არჩევნები, რომლის შედეგებიც მართლაც ასახავს ქართველი ხალხის ნებას. ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება და ძალიან გვიხარია, რომ ოპოზიციური სპექტრი მთლიანად იზიარებს ამ გადაწყვეტილებას.

ჩვენ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, გავაგრძელებთ ბრძოლას, საპროტესტო აქციებს იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ, დამთავრდეს გაყალბებული არჩევნების ჩატარება და მივიღოთ ობიექტური, თავისუფალ გარემოში ჩატარებული არჩევნები. ეს არის ჩვენი მიზანი, რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები, რომლის შედეგებიც არ გამოიწვევს კითხვის ნიშნებს“,
- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს "პატრიოტთა ალიანსიც".

„არ ვაპირებთ ამ მოწვევის პარლამეტში შესვლას, რადგან არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, არჩევნებში არ გამოხატულა საქართველოს მოსახლეობის ნება. ეს არჩევნები ტოტალურად გაყალბებულია, ჩვენ მოვაწყობთ ფართომასშტაბიან აქციებს. მოვითხოვთ ამ არჩევნების შედეგების ბათილობას და განმეორებით არჩევნებს“, - განაცხადა გოჩა თევდორაძემ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში “პატრიოტთა ალიანსმა“ ხმების 3.14%-ი მიიღო და მე-10 მოწვევის პარლამენტში 4 მანდატი მოიპოვა. რაც შეეხება "ლელოს" არჩევნებში მან ხმების 3.15%-ი მოიპოვა და პარლამენტში ასევე 4 მანდატის შეყვანას შეძლებს.


Print