პოლიტიკა
"გირჩის", "ნაციონალებისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" უარი ახალი მოწვევის პარლამენტს
საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ "გირჩის", ნაციონალური მოძრაობისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერებიც.

"გირჩის" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მათთვის პარლამენტში შესვლა მნიშვნელოვანია, მაინც უერთდება ოპოზიციას და საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს.

"მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია პარლამენტში შესვლა „გირჩისთვის“ და საპარლამენტო პარტიის სტატუსის მიღება. ჩვენი სლოგანი წინასაარჩევნოდ იყო „გირჩი“ პარლამენტში“, ასევე ძალიან კარგად გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია ოპოზიციური ერთიანობა. „გირჩიც“ უერთდება პარლამენტში შესვლის ბოიკოტს. ბოიკოტის შემთხვევაში არც მეორე ტურს არ აქვს აზრი“,
- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, პარტია ახალი მოწვევის პარლამენტში არ შევა. მათი მოთხოვნაა „ახალი არჩევნები თავისუფალ გარემოში“.

"ეს არ არის პარლამენტი და ვერ იქნება პარლამენტი, შესაბამისად არავის იქ არაფერი არ გვესაქმება. ჩვენი მოთხოვნა რჩება უცვლელი - ახალი არჩევნები თავისუფალ გარემოში და ეს ყველაფერი იქნება მიღწეული უახლოეს პერიოდში. „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ იღებს იმ გადაწყვეტილებას, რა ნებაცაა საზოგადოებაში და არ ვიღებთ ბიძინას თამაშის წესებს" – განაცხადა ნიკა მელიამ.

არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს"სტრატეგია აღმეშენებლის" ლიდერიც და ასევე უარს ამბობს მანდატებზე.

"ჩვენ არ ვცნობთ ლეგიტიმურად არჩევნებს, რომელიც ჩატარდა და არცერთ შეთხვევაში არ შევალთ პარლამენტში. ეს არის უპირობო გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც ჯერ კიდევ გუშინ ვაცხადებდით. მინდა საქართველოს მოქალაქეებს ვუთხრა, ჩვენს წინაშეა ძალიან დიდი გამოწვევა, ან ვაშენებთ დემოკრატიულ, სამართლებრივ სახელმწიფოს ან ვაბარებთ მას ივანიშვილის რეჟიმს. ჩემს თანაგუნდელებთან ერთად არ ვაპირებ უკან დახევას, ვაპირებ ბრძოლას ბოლომდე, ვიქნებით ქუჩაშიც და ყველგან, სადაც საჭირო იქნება გამარჯვების მისაღწევად"
– განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

არჩევნებში გირჩმა ამომრჩეველთა ხმების 2.89%-ი მიიღო, "ნაციონალურმა მოძრაობამ" – 27.14%, ხოლო "სტრატეგია აღმაშენებელმა" – 3.15%.

შეგახსენებთ, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტში შესვლასა და მანდატებზე უარს ის პარტიები აცხადებენ, რომლებმაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით1%-იანი ბარიერი გადალახეს. მანდატებზე უარი თქვეს შემდეგმა პარტიებმა: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „ლელო საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებლი“, „გირჩი“, „პატრიოტთა ალიანსი“ და „ერთიანი ლეიბორისტული პატია“.

ამ დროისთვის უცნობია პარტია „ალეკო ელისაშვილი -მოქალაქეების“ პოზიცია, რომელსაც ახალარჩეულ პარლამენტში, ცესკოს წინასწარი მონაცემებით 2 მანდატი ექნება.

Print