პოლიტიკა
ასეთ დროს არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში გაფრთხილება ვერც ესწრება და არც ხდება - მდინარაძე
ჩვენ ვნახეთ კადრები, როდესაც ისინი ღობეს ანგრევდნენ, ამ ღობეზე ფეხით დახტოდნენ და ქვებს ესროდნენ პოლიციელებს, ასეთ დროს, მსოფლიოში, არცერთ განვითარებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში გაფრთხილება ვერც ესწრება და არც ხდება, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რატომ არ მოხდა ცესკო-ს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი აქციის მონაწილეების გაფრთხილება წყლის ჭავლის გამოყენების შესახებ.

მდინარაძის თქმით, აქციის მონაწილეები თავდასხმას ახორციელებდნენ სამართალდამცველებზე, რაზეც პოლიციას პროპორციული რეაგირება ჰქონდა.

ამაზე ძალიან მარტივი განმარტებაა, როგორც იურისტმაც შემიძლია გიპასუხოთ ამ კითხვაზე, თუ რატომ არ გააფრთხილეს წინასწარ ის ადამიანები, რომლებიც ცესკო-ს შენობაში ცდილობდნენ შეჭრას. ჩვენ ვნახეთ კადრები, როდესაც ისინი ღობეს ანგრევდნენ, ამ ღობეზე ფეხით დახტოდნენ და ქვებს ესროდნენ პოლიციელებს. ასეთ დროს, მსოფლიოში, არცერთ განვითარებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში გაფრთხილება ვერც ესწრება და არც ხდება. დავუშვათ, როდესაც თქვენ თავს დამესხმებით, ამ შემთხვევაში მე გაფრთხილებას ვერ დავიწყებ, ეს არის მარტივი იურიდიული კაზუსი. გაფრთხილება ხდება, როდესაც არის დაშლის წინაპირობა, თუმცა მყისიერი თავდასხმა არ არის. თავდასხმის დროს გაფრთხილება ვერ ხდება და ვერ მოხდება ვერსად. როდესაც უშუალოდ ხდება ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება და გარკვეული მოქმედებები, რაც მყისიერ საფრთხეს ქმნის, რომ რომელიმე შენობაში, სტრატეგიულ ობიექტში ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტში, არ შეიჭრან ადამიანები, ამ დროს გაფრთხილება ვერ ხერხდება და ამას უშვებს კანონმდებლობაც იმგვარად, როგორც ეს მოხდა. როდესაც ჩვენ დღეს ვნახეთ კადრები და ვნახეთ, რაშიც იყო საქმე, სხვა გზა ფიზიკურად ვერ ექნებოდა პოლიციას, რომ არა, ასევე მყისიერი საპასუხო და პროპორციული რეაგირება“, - განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი აქციის მონაწილეები პოლიციამ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.
Print