პოლიტიკა
"ქართული ოცნების" თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე ერთხმად აირჩიეს
მმართველი პარტიის თავმჯდომარედ "ქართული ოცნების" ყრილობაზე ერთხმად აირჩიეს ირაკლი კობახიძე. პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ გამოსვლა ბიძინა ივანიშვილის მიმართ მადლობის სიტყვით დაიწყო.

"ბატონ ბიძინა ივანიშვილს მინდა მადლობა გადავუხადო 2014 წლიდან პირადად ჩემთვის გამოცხადებული ნდობისთვის", - თქვა მან.

"ქართული ოცნების" ყრილობაზე ახალი თავმჯდომარის გარდა, განახლებული პოლიტიკური საბჭო აირჩიეს. საბჭოს შემადგენლობა ასეთია:

პარტიის გენერალური მდივანი და პოლიტიკური საბჭოს წევრი - კახა კალაძე,

პარტიის თავმჯდომარის მოადგილე - ვასილ მაღლაფერიძე,

წევრები: გიორგი გახარია, არჩილ თალაკვაძე, მაია ცქიტიშვილი, გიორგი ვოლსკი, ირაკლი ღარიბაშვილი, თეა წულუკიანი, მამუკა მდინარაძე, კახა კუჭავა, ვახტანგ გომელაური, ეკატერინე ტიკარაძე, ვანო მაჭავარიანი, მაკა ბოჭორიშვილი, შალვა პაპუაშვილი, მარიამ ქვრივიშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, სოზარ სუბარი, დიმიტრი სამხარაძე, თორნიკე რიჟვაძე. 

პარტიის ყრილობა სამოქალაქო აქტივისტების პროტესტის ფონზე მიმდინარეობს, სადაც 9 ადამიანი დააკავეს ადმინისტრაციული კანონდარღვევის გამო.

პარტიის ყრილობა სამოქალაქო აქტივისტების პროტესტის ფონზე მიმდინარეობს, სადაც ადმინისტრაციული კანონდარღვევის გამო 9 ადამიანი დააკავეს.

პარტიისთვის ახალი თავმჯდომარის არჩევა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა. 

საქართველოს უმდიდრესმა ადამიანმა, ბიძინა ივანიშვილმა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ 2012 წლის აპრილში შექმნა. იმავე წლის ოქტომბრის არჩევნებში კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ დაამარცხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ხელისუფლებაში მოვიდა.

2012-2013 წლებში ბიძინა ივანიშვილი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2013 ნოემბერში განაცხადა, რომ პოლიტიკიდან სამოქალაქო სექტორში მიდიოდა. ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის შესახებ მუდმივი განცხადებების ფონზე, პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნდა 2018 წელს და ისევ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გახდა.

ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება 11 იანვარს მეორედ მიიღო.
Print