პოლიტიკა
ბორჯომის მერის მოადგილედ სოსო რაზმაძე დაინიშნა
ფოტო: ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერს ახალი მოადგილე ჰყავს. სოსო რაზმაძე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას დღეიდან, 22 თებერვლიდან შეუდგა. ის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ, იურიდიულ, კულტურის, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის, ასევე სოციალურ სამსახურსა და მერიის ა(ა)იპებს უხელმძღვანელებს.

„მოხარული ვარ, რომ გავხდი ბორჯომის მერიის წარმატებული გუნდის წევრი. ძალისხმევას არ დავიშურებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და წინსვლისთვის“,- განაცხადა სოსო რაზმაძემ.

მანამდე მერის მოადგილის პოზიციას ბუბა ბერიძე იკავებდა. მან თანამდებობა საკუტარი განცხადების საფუძველზე დატოვა. 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სოსო რაზმაძე დაიბადა 1966 წლის 9 აგვისტოს ქ. ბორჯომში. 1983 წელს დაამთავრა ბორჯომის N1 საჯარო სკოლა.

სოსო რაზმაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. ტექნიკური უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, სწავლა პოლიციის აკადემიაში განაგრძო და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი დაამთავრა.

მერის მოადგილე 1993 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა.

მას მეუღლე და ორი შვილი ჰყავს.
Print