პოლიტიკა
უკანონო მშენებლობები, უხარისხო სამუშაოები და ერთ პირზე მორგებული სატენდერო პირობები - აუდიტის ანგარიში ბორჯომში
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობა შეისწავლა. აუდიტის შედეგად არაერთი ხარვეზი გამოავლინა.

მუნიციპალიტეტში არსებობს როგორც ფინანსური რესურსების, ასევე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. 

  • სათანადოდ არ ფუნქციონირებს უკანონო მშენებლობების აღმოჩენისა და მათზე რეაგირების კონტროლის სისტემა. შედეგად, დაბა ბაკურიანში კერძო პირების მიერ მშენებლობების უკანონოდ წარმოება სისტემურ ხასიათს ატარებს. თავის მხრივ, მერია მშენებლების მიმართ არ ატარებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სათანადო ღონისძიებებს. 

  • მუნიციპალიტეტმა მგზავრთა შიდა საქალაქო გადაყვანის სატრანსპორტო საშუალებების და ნაგავმზიდების შესყიდვის პროცესში სათანადოდ არ ჩაატარა ბაზრის კვლევა. ამასთანავე, შესასყიდი საქონლის ტექნიკური პარამეტრები განისაზღვრა ისე, რომ ერთი მიმწოდებელი აღმოჩენილიყო უპირატეს მდგომარეობაში. შესყიდვის პროცესში არსებული ნაკლოვანებების შედეგად, მუნიციპალიტეტს არ მიეცა საბიუჯეტო სახსრების ეკონომიურად ხარჯვის შესაძლებლობა. განხორციელებული შესყიდვების ფარგლებში მიმწოდებელმა მერიას სამგზავრო ავტობუსები 410.8 ათასლარიანი (31%) ფასნამატით მიაწოდა.

  • მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული ღონისძიებები მოსახლეობის წყალმომარაგების კუთხით არასაკმარისია. მიუხედავად იმისა, რომ მერიამ წყალმომარაგების სისტემაზე 2018-2019 წლებში 935.8 ათასი ლარი დახარჯა, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს მიეწოდება ისეთი წყალი, რომელიც არ შეესაბამება მოქმედ სტანდარტებსა და ნორმებს.

  • სამშენებლო სამუშაოების ხარისხის კონტროლის სისტემის ნაკლოვანებების გამო, მუნიციპალიტეტში აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ 2018-2019 წლებში 413.4 ათასი ლარის ღირებულების სამუშაო შესრულებულია უხარისხოდ და დაზიანებულია.

  • ბორჯომის მერიამ, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები მოსახლეობისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ნაცვლად, დააფინანსა ისეთი ბინების რეაბილიტაცია, რომლებსაც მფლობელები ძირითადად გასაქირავებლად იყენებენ.

  • ა(ა)იპ – ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის ადმინისტრაციამ დაუსაბუთებლად მიიღო გადაწყვეტილება, შეეჩერებინა ცენტრალურ პარკში არსებული საცურაო აუზის ფუნქციონირება. შენობის ადგილზე დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ უფუნქციოდ დარჩენილ აუზს სათანადოდ აღარავინ უვლიდა, რის შედეგად შენობის მნიშვნელოვანი ნაწილი დაზიანებულია.
  • მერიის საკუთრებაში რეგისტრირებულ ავტოსადგომებზე არაუფლებამოსილი პირები ახორციელებდნენ პარკირების საფასურის აკრებას, მაშინ როდესაც მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით ავტოსადგომით სარგებლობა ბორჯომის ტერიტორიაზე არის უფასო.

  • მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში არ არის შემუშავებული სათანადო საკადრო პოლიტიკა. თანამშრომელთა ნაწილი ფუნქციურად დაუტვირთავია და ზოგიერთი შტატის არსებობა არ არის ობიექტური საჭიროებებით განპირობებული. შედეგად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხორციელდება თანხების არაეკონომიური განკარგვა.

  • მუნიციპალიტეტში არ ჩატარებულა ძირითადი საშუალებების და მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. შედეგად, არსებობს რისკი, რომ მუნიციპალიტეტის კუთვნილი ქონების დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევები დარჩეს შეუმჩნეველი, შესაბამისი რეაგირების გარეშე.

  • მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახური ფუნქცია-მოვალეობებს ასრულებდა არასათანადოდ და ვერ უზრუნველყოფდა მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული რისკების მართვას და შიდა კონტროლის სისტემის გაუმჯობესებას.
Print