პოლიტიკა
ბორჯომის მოსახლეობა და საბავშვო ბაღები იყენებენ წყალს, რომელიც არ შეესაბამება ნორმებს - აუდიტი
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაადგინა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული პროექტები მოსახლეობის წყალმომარაგების კუთხით არასაკმარისია, მიუხედავად იმისა, რომ მერიამ ამ კუთხით 2018-2019 წლებში 935.8 ათასი ლარი დახარჯა. დასკვნაში წერია, რომ ბორჯომში მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს არ მიეწოდება ისეთი წყალი, რომელიც მოქმედ სტანდარტებს და ნორმებს შეესაბამება.

უწყების ინფორმაციით, 2018-2019 წლებში მუნიციპალიტეტმა საბიუჯეტო რესურსის ხარჯვის მიუხედავად, ზოგ შემთხვევაში ვერ უზრუნველყო სამუშაოების ისე დაგეგმვა და განხორციელება, რომ მოსახლეობას საკმარისი რაოდენობის სასმელად ვარგისი წყალი მიეღო. აუდიტის ჯგუფმა, წარმოდგენილ მასალებზე დაყრდნობით და შესრულებული პროექტების ვიზუალური დათვალიერებით შეისწავლა წყლის სისტემების ზოგადი მდგომარეობა.

„მიუხედავად დიდი თანხის დახარჯვისა, ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის წყალმომარაგება რჩება პრობლემურ საკითხად, მათ შორის, ლიცენზირებული ორგანიზაციის მიერ არ ტარდება მოსახლეობისათვის მიწოდებული წყლის ლაბორატორიული კვლევები. მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, მათ შორის ბაღების ნაწილი იყენებს წყალს, რომელიც არ შეესაბამება მოქმედ სტანდარტებსა და ნორმებს. პრობლემის მოგვარებისათვის მუნიციპალიტეტს არ გაუტარებია სათანადო ღონისძიებები და არ გამოუყენებია არსებული საბიუჯეტო რესურსები“, - წერია აუდიტის დასკვნაში. 

ბორჯომის მუნიციპალიტეტში წყლის სისტემა 38 დასახლებიდან 32-შია მოწყობილი, საიდანაც 30 სოფელს ა(ა)იპ – სოფლის წყალი ემსახურება, ხოლო ქალაქ ბორჯომისა და დაბა ბაკურიანის სისტემის მომსახურებას შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ უზრუნველყოფს. დანარჩენი 6 სოფლის მოსახლეობა სარგებლობს ჭებით და წყაროებით.

"8 სოფელში 714 ოჯახს წყალი მიეწოდება პერიოდული გრაფიკით, 6 დასახლებულ პუნქტში, სადაც 1076 ოჯახი ცხოვრობს, წყლის სისტემაზე დებეტის/მოცულობის მოსამატებლად ხორციელდება წყლის ალტერნატიული რესურსის მოძიება, რაც წყალს აბინძურებს და სასმელად უვარგისს ხდის, ხოლო დანარჩენ 16 სოფელში, სადაც 2710 ოჯახია დასახლებული, მოსახლეობას წყალი რეგულარულად მიეწოდება".

აუდიტის სამსახურის მოკვლევის შემდეგ გაირკვა, რომ ქალაქ ბორჯომის გარდა, წყლის გამწმენდი ნაგებობები მოწყობილია მხოლოდ 6 დასახლებაში, დანარჩენ შემთხვევაში წყალი არ იწმინდება და მოსახლეობა მარაგდება სოფლის წყაროებიდან. ამასთანავე, აბონენტების გამრიცხველიანება მხოლოდ ქალაქ ბორჯომსა და ბაკურიანშია განხორციელებული, დანარჩენ დასახლებულ პუნქტებში წყლის მრიცხველები დამონტაჟებული არ არის და მოსახლეობას წყალი უფასოდ მიეწოდება.

აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლენილ დარღვევებზე ბორჯომის მერიაში განმარტებას არ აკეთებენ. პრესსამსახურში გვითრეს, რომ ამ ეტაპზე კომენტარის გაკეთება არ სურთ. 

დასკვნა 26 თებერვალს გამოქვეყნდა. მასში ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ორი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების ანალიზია მოცემული. აუდიტორებმა მერიის მუშაობაში არაერთი ხარვეზი გამოავლინეს.
Print