პოლიტიკა
„ტენდერები ფორმალურ ხასიათს ატარებდა და უზრუნველყოფდა შპს-ს უპირობო გამარჯვებას“, - აუდიტის სამსახური
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შენიშვნები ახალციხის მერიის მიერ განხორციელებულმა შესყიდვებმა დაიმსახურა, რომლებიც, აუდიტორების თქმით, ერთ კომპანიაზე იყო მორგებული და ინტერესთა კონფლიქტის ნიშნებს შეიცავდა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის მიხედვით, მერიამ ოთხი ტენდერი ქალაქ ვალესა და სოფლებში შემავალი საავტომობილო გზების შეკეთების (მოვლა-შენახვის) სამუშაოების შესყიდვისთვის გამოაცხადა, რაშიც გადახდილია 717.9 ათასი ლარი.
აუდიტის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული ტენდერები წარიმართა უკონკურენტოდ, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული შპს „კეთილმოწყობის“ მონაწილეობით. მერიამ ისეთი მოთხოვნები განსაზღვრა, რომლებიც განაპირობებდა მის მიერ დაფუძნებული შპს-ს უპირობო გამარჯვებას.

„ხარჯთაღრიცხვებში მითითებული იყო რამდენიმე სამუშაოს შესრულება მხოლოდ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული და სარგებლობის უფლებით გადაცემული მანქანა-მექანიზმებით. ეს ტექნიკა, ტენდერის მიმდინარეობის პერიოდში, მუნიციპალიტეტს თხოვების ფორმით, რამდენიმე თვის ვადით გადაცემული ჰქონდა შპს „კეთილმოწყობისთვის“. ამდენად, ზემოთ აღნიშნული გარემოებები მიანიშნებს იმაზე, რომ ტენდერები პრაქტიკულად ფორმალურ ხასიათს ატარებდა და უზრუნველყოფდა შპს „კეთილმოწყობის“ უპირობო გამარჯვებას“, - წერია დასკვნაში.

აუდიტორების ინფორმაციით, სავარაუდო ღირებულების დათვლის მიზნით, მერიამ ვერ წარმოადგინა შესაბამისი კალკულაცია და ბაზრის კვლევის დოკუმენტური მტკიცებულებები.
შესწავლით დგინდება, რომ სავარაუდო ღირებულებები დათვლილი იყო მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის პროექტების მართვის განყოფილების მიერ და გაანგარიშებული იყო ისე, რომ არ ეყრდნობოდა რეალურ გათვლებს. აღნიშნული დადასტურდა 2018 წელს შპს-ს მიერ გამოცხადებული ტენდერების ფაქტებით: ინერტული მასალების ფასები შედარდა მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში წარმოდგენილ ანალოგიური სამუშაოების ფასებს, რომლებთან შედარებით მერიამ გადაიხადა 9.0 ათასი ლარით მეტი.

ასევე, 2018 წელს მერიამ შპს „კეთილმოწყობისგან“ 5 865 კუბ.მ ინერტული მასალის ტრანსპორტირება და გაშლა შეისყიდა 120.4 ათას ლარად. აღნიშნული მომსახურებისათვის შპს „კეთილმოწყობას“ არ გააჩნდა საჭირო ტექნიკა, რისთვისაც იგი აცხადებდა ტენდერებს. მუნიციპალური შპს აღნიშნული მასალის ტრანსპორტირებას ყიდულობდა შპს „მელიზასგან“, რომელსაც 2018 წელს გადაუხადა 45.2 ათასი ლარი. დანარჩენ სამუშაოს (ხრეშის გაშლა) ახორციელებდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული გრეიდერით, რისი ზუსტი ღირებულების დადგენა ვერ მოხერხდა. მსგავსი სახის სამუშაოს ღირებულების დასადგენად, აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული საგზაო სამუშაოების სხვა ტენდერები, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ ინერტული მასალის ტრანსპორტირება-გაშლაში მერიამ გადაიხადა 66.2 ლარით მეტი.

2018 წელს მუნიციპალიტეტმა გზების მოხრეშვის სამუშაოების სავარაუდო ღირებულება განსაზღვრა 263.5 ათასი ლარით, ხოლო შესწავლით გამოვლინდა, რომ მისი საბაზრო ღირებულება იყო სავარაუდოდ, 28.5 %-ით ნაკლები.

2019 წელსაც ანალოგიურად მიმდინარეობდა გზების მოვლა-შენახვის სამუშაოების შესყიდვის პროცესი, რაშიც მერიამ გადაიხადა 202.9 ათასი ლარი, თუმცა ხარჯთაღრიცხვებში არ არის გამიჯნული მასალის ხელფასებისა და ტრანსპორტირების ხარჯები, შესაბამისად, ვერ დგინდება სავარაუდო ღირებულება რამდენით არის გაზრდილი.

„აღსანიშნავია, რომ შპს „კეთილმოწყობის“ მიერ ტრანსპორტირების მომსახურების შესაძენად გამოცხადებულ ტენდერებს იგებდა შპს „მელიზა“, რომლის მფლობელი და 100%-ანი წილის მესაკუთრე 2018-2019 წლებში იყო ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი, ხოლო შპს „კეთილმოწყობის“ დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს ახალციხის მერი, ამავე დროს იყო სატენდერო კომისიის თავმჯდომარეც, რითიც დასტურდება მათი ურთიერთდამოკიდებულება. სატენდერო კომისიის თავმჯდომარე ვალდებული იყო წერილობით დაედასტურებინა, რომ მისი მონაწილეობა შესყიდვების პროცესში გამოიწვევდა ინტერესთა კონფლიქტს, რაც არ განუხორციელებია“.

აუდიტის განცხადებით, ურთიერთდამოკიდებული პირების არსებობა წარმოქმნის სატენდერო პროცესზე პირდაპირი ან არაპირდაპირ ზეგავლენის მაღალ რისკებს, მათთვის ფინანსურად ხელსაყრელი გადაწყვეტილებების მიღების მიზნით.

ფორმალურ ხასიათს ატარებდა გარე განათების ქსელის მომსახურების შესყიდვის ტენდერებიც, რომლებიც მიმდინარეობდა ერთი პრეტენდენტის - შპს „კეთილმოწყობის“ მონაწილეობით. აღნიშნული შესყიდვის ხარჯთაღრიცხვები, პრეისკურანტის ფასები შედგენილია მერიის სამსახურის მიერ. 2018-2019 წლებში მერიამ გარე განათების მომსახურება შპს „კეთილმოწყობისგან“ შეისყიდა 280.0 ათას ლარად, რაც 40.6 ათ. ლარით აღემატება შპს „კეთილმოწყობის“ მიერ გარე განათებისათვის საჭირო ნათურების და სხვადასხვა მოწყობილობისათვის გადახდილ თანხას.
მერიას მიეცა რეკომენდაცია, რომ სახელმწიფო შესყიდვების პროცესი წარმართოს ისე, რომ სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვროს მოთხოვნები, რომლებიც არ გამოიწვევს კონკურენციის შეზღუდვას. სატენდერო კომისიამ დანერგოს კონტროლის დამატებითი მექანიზმები და უზრუნველყოს პრეტენდენტების მიმართ ერთგვაროვანი, არადისკრიმინაციული მიდგომა. ასევე საქონლის/მომსახურების შესყიდვის დაგეგმვისას, მერიამ, სავარაუდო ღირებულება განსაზღვროს გონივრულ გათვლებსა და გაანგარიშებებზე დაყრდნობით. მუნიციპალიტეტმა შეისწავლოს კონკრეტული ფაქტები, მათ შორის, ინტერესთა კონფლიქტის ფაქტები, გამოავლინოს პასუხისმგებელი პირები და გაატაროს მათ მიმართ შესაბამისი ღონისძიებები.

Print