პოლიტიკა
აუდიტის სამსახურმა ახალციხის მერიაში ფინანსური რესურსების მართვისას დაშვებული შეცდომები აღმოაჩინა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაადგინა, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტში არსებობს როგორც ფინანსური რესურსების, ასევე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო არაფინანსური აქტივების ზრდის პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა და შესრულება, რის გამოც შესაბამისი საბიუჯეტო მუხლის შესრულებას, შესაბამისად, 31.5% და 19.1% დააკლდა.

სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში ნათქვამია, რომ მუნიციპალიტეტმა 2018-2019 წლებში ვერ უზრუნველყო ბიუჯეტით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად განხორციელება და დააგროვა არსებითი მოცულობის ნაშთი (მათ შორის თავისუფალი ნაშთი). აღნიშნული მიუთითებს მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული ფინანსური რესურსების არაეფექტიან მართვაზე.

სახელმწიფო ხაზინის მონაცემებზე დაყრდნობით, 2018-2019 წლებში ახალციხის მუნიციპალიტეტის შემოსულობებმა − 47,048.5 ათასი ლარი, ხოლო გადასახდელებმა − 47,473.1 ათასი ლარი შეადგინა.

ორივე საანგარიშო წლისათვის ახალციხის მუნიციპალიტეტმა „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლი არასათანადოდ შეასრულა, კერძოდ, მერიამ წლის ბოლომდე ვერ აითვისა ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად
საქართველოს მთავრობის განკარგულებით გამოყოფილი თანხები.

შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა ვერ მიიღო კრიტერიუმით გათვალისწინებული მოსალოდნელი შედეგები: ძირითადად,

ერ დასრულდა და დაგვიანდა საგზაო ინფრასტრუქტურის, საბავშვო ბაღის, კულტურის სახლის და სხვა ობიექტების მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები. გარდა დაგეგმილი და აუთვისებელი თანხებისა, მუნიციპალიტეტს 2018-2019 წლებში თავისუფალი ნაშთის სახით გააჩნდა არსებითი თანხები, კერძოდ:

2018 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ნაშთმა შეადგინა 3,901.0 ათასი ლარი. აღნიშნული თანხიდან, ბიუჯეტით გათვალისწინებული იყო 3,895.0 ათასი ლარის გამოყენება. მიუხედავად ამისა, 2018 წელს ნაშთის ცვლილებით გამოწვეული ფულადი სახსრების დაგროვებამ (ზრდამ) შეადგინა 1,661.1 ათასი ლარი და წლის ბოლოს დაფიქსირდა ნაშთი – 5,562.1 ათასი ლარი. აღნიშნული ფულადი სახსრებიდან 4,959.9 ათასი ლარი − სხვადასხვა გარდამავალი და დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული პროექტის შედეგად წარმოიქმნა, ხოლო დანარჩენი − 602.2 ათასი ლარი თავისუფალი ნაშთია. მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული იყო 5,542.2 ათასი ლარის გამოყენება.

2018 წელთან შედარებით, 2019 წელს მუნიციპალიტეტმა შეამცირა დაგროვილი ნაშთი. კერძოდ, ნაშთის ცვლილებით გამოწვეული ფულადი სახსრების გამოყენებამ (კლებამ) 2,085.7 ათასი ლარი შეადგინა. შესაბამისად, 2020 წლის პირველი იანვრისთვის ნაშთი იყო 3,476.4 ათასი ლარი. აღნიშნული ფულადი სახსრებიდან 3,036.3 ათასი ლარი წარმოიშვა სხვადასხვა გარდამავალი და წლის ბოლომდე დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული პროექტის გამო, ხოლო დანარჩენი 440.1 ათასი ლარი თავისუფალი ნაშთია.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ სპეციალური რეკომენდაციები მისცა მათგან ერთ-ერთი ის არის რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ ფინანსური რესურსების რაციონალური მართვის უზრუნველყოფის მიზნით, ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებები გამოიყენოს შესაბამისი წლის ბიუჯეტით დაგეგმილი პროგრამების/ქვეპროგრამების მიზნების და მოსალოდნელი შედეგების მისაღწევად. ამასთანავე, ბიუჯეტი დაგეგმოს იმგვარად, რომ არ დაუშვას ნაშთის უკონტროლო დაგროვება და არსებული ნაშთი მიიმართოს ბიუჯეტით დაგეგმილი პროექტების განსახორციელებლად.

Print