ეს არის უბინძურესი პროვოკაცია, სიყალბე და ფაბრიკაცია - ღარიბაშვილი აუდიოჩანაწერებზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასული აუდიოჩანაწერები „ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელი პროვოკაციაა“.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, „აღნიშნულ პროვოკაციას უნდა გაემიჯნოს როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია“.
„ჩვენ კარგად გვესმის, თუ რას ემსახურებოდა აღნიშნული პროვოკაცია. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, თუ საიდან და ვისგან მომდინარეობს აღნიშნული პროვოკაცია და ეს რა თქმა უნდა, არის მიხეილ სააკაშვილის მცდელობა. მითუმეტეს, იმ ფონზე, როცა გამოიკვეთა რეალური კონტურები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის. სწორედ მაშინ იქნა გამოყენებული ეს უბინძურესი პროვოკაცია და სიყალბე, ფაბრიკაცია. რა თქმა უნდა, ეს არის ყოვლად დაუშვებელი, მიუღებელი. ეს დასაგმობია ჩვენი მხრიდან, როგორც ხელისუფლების ასევე ოპოზიციის მხრიდან. მე იმედი მაქვს, რომ ოპოზიციის ჯანსაღი და კონსტრუქციული ნაწილი გაემიჯნება აღნიშნულ პროვოკაციას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
"TV პირველმა" 6 მარტს გაავრცელა ჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი, ბერა ივანიშვილი და ანზორ ჩუბინიძე იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ და განიხილავენ, ვინც ბერა ივანიშვილს აგინებს. ჩანაწერში საუბარია უკვე მომხდარ ფაქტებზეც, რომელთა მოყოლის პროცესში ირაკლი ღარიბაშვილი და ბერა ივანიშვილი იციანიან. "ქართული ოცნების" დამფუძნებლის შვილი კმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ მისი გინებისთვის ადამიანები ისჯებიან.
აღნიშნულთან დაკავშრებით პროკურატურამ გამოძიება კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერისა და მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენების ფაქტებზე დაიწყო.