პოლიტიკა
ევროკავშირის ფინანსური დახმარება შესაძლოა შეჩერდეს, ნაწილში კი დამატებითი პირობები ჩაიდოს
საქართველოს საკითხებზე მომუშავე ევროპარლამენტარები ერთიან განცხადებას აქვეყნებენ, რომელშიც იმედგაცრუებას გამოხატავენ საქართველოში დანიელსონის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებების ჩაშლის გამო და საქართველოსთვის ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეჩერებასა და პირობითობის გაზრდას აანონსებენ. ისინი ამბობენ, რომ ორივე, მმართველი და მთავარი ოპოზიციური პარტიები, რომლებიც მონაწილეობდნენ მოლაპარაკებებში, პასუხისმგებელია ამ შედეგზე და განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მოდის ხელისუფლებაში მყოფ პარტიაზე.

ევროპარლამენტის წევრები, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის პროცესში და ამ საკითხზე ევროპარლამენტში სპეციალური მოსმენაც გამართეს, აცხადებენ, რომ შეთანხმების ჩაფლავების შემდეგ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები "ჩვეულ რეჟიმში ვერ გაგრძელდება".

კერძოდ, დეპუტატები საქართველოსთვის განკუთვნილი ფინანსური დახმარების ნაწილის შეჩერებას, ნაწილში კი დამატებითი პირობების ჩადებას აპირებენ.

,,მოვუწოდებთ ქართველ ლიდერებს, იმოქმედონ მყისიერად. ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობის მომავალი საფრთხეშია".

განცხადებას ხელს აწერენ ევროპარლამენტარები: დევიდ მაკალისტერი (EPP), მარინა კალიურანდი (S&D), ანდრიუს კუბილიუსი (EPP), ვიოლა ფონ კრამონი (GREENS), სვენ მიქსერი (S&D), მიხაელ გალერი (EPP) და პეტრას აუსტრევიჩუსი (RENEW).

ნაციონალური მოძრაობის წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, ევროპარლამენტარების განცხადება იმის შესახებ, რომ შესაძლოა საქართველოს ფინანსური დახმარება შეუჩერდეს, საგანგაშო გზავნილია, ამ საკითხში კი სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა.

,,პირველად საქართველოს ისტორიაში, რეალური საფრთხე დაემუქრა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს მას შემდეგ, რაც საქართველომ დეკლარირებულად აირჩია დასავლეთი და ცივილიზებული სამყარო. აქ არის ერთი ძალიან საფრთხილო და მნიშვნელოვანო ფრაზა ჩადებული, როდესაც წერია, რომ საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობა სასწორზეა დადებული, ამიტომ ჩემთვის და ყველა მოქალაქისთვის ამას განსაკუთრებული დატვირთვა უნდა ჰქონდეს. სრული პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა, არის ხელისუფლებაზე", - აცხადებს დეკანოიძე.

ქართული ოცნების დეპუტატის ნიკა სამხარაძის განცხადებით, ევროკავშირის მიერ დახმარების შესაძლო შემცირებაში დამნაშავე მმართველი პარტია არ არის და ეს ოპოზიციის პასუხისმგებლობაა. მისი თქმით, ევროპარლამენტარებმა განცხადება იმიტომ გაავრცელეს, რომ საქართველოში პოლიტიკურმა სპექტრმა შეთანხმებას ვერ მიაღწია, რაშიც დამნაშავე ქართული ოცნება არ არის.

„რატომ გაჟღერდა ეს განცხადება? იმიტომ, რომ მოლაპარაკებები ვერ შედგა. ვინ არ მოაწერა? ჩვენ ვაწერდით ხელს. ქართული ოცნება აწერდა ხელს დოკუმენტს. ჩვენი განცხადება იყო ასეთი - ძირითად ნაწილებს ვეთანხმებოდით, გვქონდა მცირე შენიშვნები, შეთანხმება შესაძლებელი იყო. მეორე მხრიდან სრული მიუღებლობა იყო შემოთავაზების, ამიტომ მცირე შენიშვნების განხილვაზე საერთოდ არ გადავსულვართ. მივიღეთ ევროპარლამენტარების განცხადება ისე, როგორც იქ წერია: შეუთანხმებლობა აზარალებს და აშორებს ქვეყანას ევროპულ მომავალს, რაზეც ვეთანხმებით", - აცხადებს სამხარაძე.

მოგვიანებით ქართული ოცნების დეპუტატმა კიდევ ერთხელ განმარტა ევროპარლამენტარების მიერ განცხადების გავრცელების მიზეზი და თქვა, რომ ოპოზიცია თავის წილ პასუხისმგებლობას არ ასრულებს.

საქართველოს ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

ამის გამო ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ევროპარლამენტარებმა საქართველოსთვის ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეჩერება და პირობითობის გაზრდა დააანონსეს. მათი განცხადებით, ორივე, მმართველი და მთავარი ოპოზიციური პარტიები, რომლებიც მონაწილეობდნენ მოლაპარაკებებში, პასუხისმგებლები არიან ამ შედეგზე, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა კი სახელისუფლებო პარტიას ეკისრება.

Print