პოლიტიკა
სამცხე-ჯავახეთში 49 თანამდებობის პირს დეკლარაცია არასრულად აქვს შევსებული
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების - ახალციხის, ნინოწმინდის, ახალქალაქის, ასპინძის, ადიგენისა და ბორჯომის თანამდებობის პირთა 2020-2021 წლის დეკლარაციები შეისწავლა.

კვლევის მიხედვით, მერიებისა და საკრებულოების 144 თანამდებობის პირიდან, 49 მათგანის დეკლარაციაში აღმოჩნდა დარღვევა და ფაქტობრივი უზუსტობა, ასევე გამოვლინდა თანამდებობრივი შეუთავსებლობის/შეუთავსებელი საქმიანობის 27 შემთხვევა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ცალკეულ თანამდებობის პირებთან დაკავშირებული კომპანიები ჩართული არიან სახელმწიფო შესყიდვებშიც.

" იმ შემთხვევაში, თუ თანამდებობის პირს აქვს კავშირი საწარმოსთან, რომელსაც დეკლარაციის შევსების თარიღამდე 6 ან 6 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბრუნვა არ ქონია, ან ქონდა წლის განმავლობაში არაუმეტეს 500 ლარისა, მაშინ მას ასეთი საწარმოს დეკლარაციაში მითითების ვალდებულება არ გააჩნია. იქიდან გამომდინარე, რომ საწარმოს ბრუნვის შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს, ქონდათ თუ არა კვლევაში ნახსენებ კომპანიებს ბრუნვა. ამის მიუხედავად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აუცილებლად მიაჩნია, რომ გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტების დაცვის და კორუფციის რისკების შემცირების მიზნებისთვის საკუთარ კვლევაში თანამდებობის პირების დაუდეკლარირებელი ყველა აქტიური სტატუსის მქონე საწარმო ასახოს", - წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 22 თანამდებობის პირიდან დეკლარაცია ხარვეზებით ხუთმა შეავსო, ახალქალაქში 11-მა, ასპინძაში ცხრამ, ბორჯომსა და ადიგენში შვიდ-შვიდმა, ახალციხეში 10-მა თანამდებობის პირმა. 

კვლევა დეტალურად იხილეთ აქ:

კვლევის ფარგლებში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” გამოავლინა ნეპოტიზმის სავარაუდო შემთხვევები - რეგიონის ხუთ მუნიციპალიტეტში თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, ხუთი მაღალჩინოსნის ოჯახის წევრები დასაქმდნენ თვითმმართველობებში, ან მას დაქვემდებარებულ იურიდიულ პირებში.

სედა მელკუმიანი ახალქალაქის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეა. მას თანამდებობა 2017 წლიდან უკავია. 2018 წლის იანვრიდან მისი მეუღლე რაფიკ აბაჯიანი ახალქალაქის მერიაში მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე დასაქმდა.

ირაკლი ჯვარიძე ასპინძის მერიის კონტროლისა და შიდა აუდიტის სამსახურის უფროსია.

მას თანამდებობა ასპინძის მერიაში 2018 წლიდან უკავია, 2019 წლის სექტემბრიდან მისი მეუღლე, მირანდა გორდულავა ააიპ „ასპინძის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში“ პედაგოგის პოზიციაზე დასაქმდა.

ვარლამ ხვინგია ბორჯომის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარეა. ბორჯომის საკრებულოში თანამდებობა 2014 წლიდან უკავია. მისი მეუღლე, თამარ თაგვაძე ააიპ „ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში“ ადმინისტრაციული სამსახურის უფროსად 2018 წლის იანვრიდან დასაქმდა.

გელა ლომიძე ახალციხის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსია. აღნიშნული თანამდებობა 2014 წლის აგვისტოდან უკავია, მანამდე იგი ფერსის თემის რწმუნებული იყო. მისი მეუღლე 2016 წლის დეკემბრიდან სოფელ ფერსის საბავშვო ბაღის მენეჯერად მუშაობს.

ალექსი ზედგინიძე ახალციხის მერის მოადგილეა. თვითმმართველობაში თანამდებობას 2016 წლის ივლისიდან იკავებს. 2018 წლის აპრილიდან დედა, მარინე ნადირაძე ააიპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში“ ექთნად მუშაობს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ამ საკითხზე რეკომენდაციები აქვს.

"
თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციების შემოწმების საკითხი კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია. შესაბამისად, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს შეისწავლოს კვლევაში აღნიშნული პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტებმა საკადრო პოლიტიკა წარმართონ სამართლიანად და კანონის დაცვით, რაც გულისხმობს თანამშრომელთა შერჩევას ღია და გამჭვირვალე კონკურსის მეშვეობით, მოხელის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი კი უნდა იყოს გამოცდილება, კვალიფიკაცია და შესაბამისობა დასაკავებელ თანამდებობასთან".
Print