პოლიტიკა
შარლ მიშელის დოკუმენტს ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ხელი მოაწერეს
დოკუმენტზე "საქართველოს წინსვლის გზა" ხელმოწერის ცერემონიაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი დისტანციურ რეჟიმში მონაწილეობს. ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში მიმდინარეობს.

პრეზიდენტის სასახლეში იმყოფებიან წარმომადგენლები შემდეგი პოლიტიკური პარტიებიდან: „ქართული ოცნება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“, „გირჩი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „მოქალაქეები“. ასევე დავით ბაქრაძე და სალომე სამადაშვილი.


დოკუმენტს ხელი მოაწერეს:

სალომე სამადაშვილმა ინდივიდუალურად;
დავით ბაქრაძემ - ინდივიდუალურად;
ხათუნა სამნიძემ;

,,გირჩმა";
გიორგი ვაშაძემ;
ზურა ჯაფარიძემ;
ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ;
ალეკო ელისაშვილმა;
"ქართული ოცნებიდან" - არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა.

როგორც ცნობილია ენმ დოკუმენტს ხელს არ აწერს და სამადაშვილმა გადაწყვეტილება ინდივიდუალურ რეჟიმში მიიღო.

მხარეებმა ორბელიანების სასახლეში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისიდან გადაინაცვლეს.

ახალი საწყისი ამ ქვეყნისთვის, მშვიდობიანი და საქმიანი - ასე შეაფასა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა დოკუმენტის ხელმოწერა.

ცერემონიას შარლ მიშელი ონლაინრეჟიმში ადევნებდა თვალს.

პოლიტიკოსებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმაც მიმართა და აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯით საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. ჰარცელმა მადლობა გადაუხადა შეთანხმების მონაწილეებს.

მხარეებს შეთანხმება მიულოცა აშშ-ს ელჩმაც - ამ 6 თვის განმავლობაში ასეთ რთული მუშაობა გავწიეთ და აშშ-ს სახელით მინდა მოგილოცოთ ეს წარმატება - მიმართა კელი დეგნანმა ოპოზიციისა და ხელსუფლების ლიდერებს.

დოკუმენტს ამ ეტაპზე არ ექნება „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ ხელმოწერები.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს ახალი წინადადება შესთავაზა. წინადადება ხუთ პუნქტს მოიცავს. მათ შორის არის, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმული საკითხები და მომავალი არჩევნები.

დოკუმენტის თანახმად, ხელმომწერები ვალდებულებას იღებენ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

ამასთან, შარლ მიშელის წინადადების თანახმად, "ქართული ოცნების" 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია "ქართული ოცნება" მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს.
Print