პოლიტიკა
სალომე სამადაშვილმა და თაკო ჩარკვიანმა პარტიები დატოვეს
ჩემი და გიორგი ვაშაძის პოლიტიკური გზები ძალაუნებურად გაიყო - ჩვენ, ადამიანურად მეგობრებად ვრჩებით, მაგრამ არანაირად არ ვემხრობით ერთმანეთს, - ამის შესახებ პარტიის “კანონი და სამართალი“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა განუცხადა, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში “სტრატეგია აღმაშენებლის“ საარჩევნო ბლოკით მონაწილეობდა.

ჩარკვიანი შარლ მიშელის ეგიდით გამოქვეყნებულ დოკუმენტზე ხელმოწერას “პროცესის ღალატად“ აფასებს და ამბობს, რომ “როცა “ქართული ოცნება“ ჩამოშლის პროცესშია, ოპოზიცია მას არ უნდა შეყუდებოდა“. მისივე თქმით, დოკუმენტი ბუნდოვანია და მასზე ხელმოწერა იგივე წყალში შესვლას ნიშნავს.

“ჩვენ აშშ-ს სენატში გვითხრეს, რომ სასამართლო კლანია და ქვეყანაში ოლიგარქიული მმართველობაა. ვეძებ დოკუმენტს, რომელიც გამოსავალს მომაძებნინებს. წარმოდგენილი დოკუმენტით ხუთი წელი მთავარ პროკურორს ვერ ცვლი, ცესკოს თავმჯომარე თამარ ჟვანია არ იცლება. რამდენჯერ მოგისმენიათ ჩემგან და გიორგი ვაშაძისგან ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ. ამ დოკუმენტში მსგავსი არაფერი წერია და ვერც მოესწრება. მართლა მაინტერესებს, ვის ვატყუებთ - საკუთარ თავს თუ ხალხს?! რომ დამენახა, რომ სისტემური რეფორმები შესაძლებელია, რაღაცაზე დაილაპარაკებ, მაგრამ ამ დოკუმენტით პარლამენტში როგორ უნდა შეხვიდე?! ჩიტი ბრდღვნად უნდა ღირდეს - უნდა იცოდე, რისთვის აკეთებ ამას!“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

კითხვაზე, მიმართავს თუ არა პარლამენტს კიდევ ერთხელ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ რა პროცედურაც საჭირო იქნება, იმას გააკეთებს.

„სასაცილოდ და ინფანტილურად გამოიყურება ენმ-ის პოზიცია - ამ გაუგებრობაში ჩემი ადგილი აღარაა, წარმატებები" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სალომე სამადაშვილი წერს. მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტს ინდივიდუალურად მოაწერა ხელი. როგორც სამადაშვილი აღნიშნავს, მელიას გათავისუფლების შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობაც" აპირებს პარლამენტში შესვლას.

„სასაცილოდ და ინფანტილურად გამოიყურება ენმ-ის პოზიცია-მელიას გამოშვების გარეშე არ მოვაწერთ ხელს ამ დოკუმენტს, მაგრამ სხვებმა მოაწერონ, მელია და რურუა გამოაშვებინონ, მერე, ვინც მოაწერს, იმათ "მოღალატეს" დავუძახებთ”. ოღონდ, მელიას გამოსვლის შემდეგ, თვითონაც აპირებენ პარლამენტში შემოსვლას. უხერხულია, მხოლოდ ამას ვიტყვი. ტალახს მაინც არ ვისვრი. ამ გაუგებრობაში ჩემი ადგილი აღარაა. წარმატებები”, - წერს სალომე სამადაშვილი „ფეისბუქზე“.
Print