პოლიტიკა
კრიზისის დასასრული თუ უშედეგო შეთანხმება - შეფასებები ახალციხიდან
პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი თუ შეთანხმება შედეგის გარეშე - ახალციხეში ევროკავშირის მედიაციით შედგენილ დოკუმენტს აფასებენ. სამცხე-ჯავახეთში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების ნაწილი მიიჩნევს, რომ დოკუმენტის შინაარსი ყველა მხარისთვის მისაღებია, მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ საკვანძო საკითხები ხელმოწერით არ გადაიჭრება.

„ჩვენთვის მისასალმებელია, რომ მხარეებს შორის შეთანხმება მოხდება. მოლოდინი გვაქვს, რომ პოლიტიკური კრიზისი რაც არის, დაიძლევა და პარლამენტში შევლენ ხალხის მიერ არჩეული დეპუტატები, რომლებიც შეუდგებიან თავის საქმიანობას“, - ამბობს „ქართული ოცნების“ ახალციხის შტაბის აღმასრულებელი მდივანი გიორგი გვარამაძე.

დოკუმენტს ხელი არ მოაწერა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“.

,,დადებითად არ ვაფასებთ და სწორედ ამიტომ არ მოაწერეს ხელი აღნიშნულ შეთანხმებას ჩემი პარტიის წარმომადგენლებმა. ჩვენ ვითხოვდით ორი საკითხის მოგვარებას - პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ვადამდელ არჩევნებს. სწორედ ეს პუნქტები არ იყო გათვალისწინებული შეთანხმებაში", - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი და ახალციხის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ზურაბ ჩილინგარაშვილი.

დოკუმენტზე ,,საქართველოს წინსვლის გზა" ხელმოწერის ცერემონია 19 აპრილს, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. მასში მთავარი მედიატორი - ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი დისტანციურად მონაწილეობდა.

ევროპული საბჭოს მიერ შემოთავაზებული დოკუმენტი ხუთ პუნქტს მოიცავს. დოკუმენტის თანახმად, ხელმომწერები ვალდებულებას იღებენ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

ამასთან, შარლ მიშელის წინადადების თანახმად, "ქართული ოცნების" 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია "ქართული ოცნება" მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს.

Print